როგორია ხორბლის იმპორტი დღეს საქართველოში, ვინ არის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, რაზეა დამიკიდებული წისქვილკომბინატების მუშაობა, რა როლს თამაშობს ვალუტის კურსი ხორბლისა დაფქვილის ფასების რეგულირების პროცესში და რა პროცენტული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი ქართული ხორბალი წარმოების პროცესში? როგორ შეიცვლება ბაზრაზე პურის ფასი–საკითხი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს და ყველას გვაინტერესებს.
The Tbilisi Times შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის მარაგთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა ფქვილზე ფასების ზრდა. კითხვებზე პასუხის მისაღებად გთავაზობთ საქართველოს წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინტერვიუს.
ვინ არის ხორბლის უპირველესი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის და როგორი ფასების ცვლილების ტენდენცია?
– ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში არის რუსეთი, რომლისგანაც ვიღებთ 90–95%. ადგილობრივი ბაზრიდან წელს შევიძინეთ 20 000 ტონა სასურსათო ხორბალი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხორბლის დიდი რაოდენობა არ არის, რაც მოჰყავთ, თითქმის, მთლიანად ვიყენებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ხორბალი ველოდით 220 000 ტონას, მაგრამ სასურსათო აღმოჩნდა მხოლოდ 20 000 –დან – 25 000 ტონამდე.
წელს ძალიან მაღალი მოსავალი იყო მსოფლიოში, შესაბამისად, რუსეთშიც დიდი რაოდენობით ხორბალი მოვიდა. იმპორტირებული ხორბლის ფასზე შესაბამისი პარამეტრებით სწორდება ქართული ხორბის ფასი (მოიაზრება სასურსათო III და IV კლასის ხორბალი) ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე კლასის რუსულსა და ქართულ ხორბალში ვიხდით ერთსა და იმავე ფასს. ეს თანხა გასულ წელს იყო მაღალი 1კილოგრამ მრცვლეულში წისქვილკომბინატები იხდიდნენ 50–დან 55 თეთრამდე, წელს– 40–42 თეთრი.
გასულ წელთან შედარებით რატომ განხორციელდა წელს ხორბლის ნაკლები იმპორტი?
– წისქვილკომბინატებს თავიანთი გარდამავალი მარაგები აქვთ (ადგილზე არსებული ხორბალი,გემით წამოსული ხორბალი და ახალი კონტრაქტი) როდესაც ხორბლის ფასი იკლებს, როგორც წელს, მოლოდინი არის, რომ შემდეგი შესყიდვა უფრო დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი, შესაბამისად წისქვილკომბინატები ცდილობდნენ, რომ შეეძინათ ხორბლის ის რაოდენობა, რაც მუშაობის პროცესის გასაგრძელებლად იქნებოდა საკმარისი, რადგან არსებობდა ალბათობა, რომ შემდეგ ეტაპზე ნაკლებ ფასად მოხდებოდა იმპორტი. შარშან, როდესაც ფასს ახასიათებდა მზარდი ტენდენცია, შედარებით მეტი რაოდენობის ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რათა გაძვირებულ ხორბალს „დახვედროდა“ შედარებით იაფად შეძენილი მარაგი. წელს ფასის ტენდენციებიდან გამომდინარე–ნაკლები. შესაბამისად შარშან მარაგი იყო ბევრი მთელი წლის სამყოფად გათვილი, წელს– ცოტა.
როგორია ხორბლის ფასი ამჟამად და რა როლს თამაშობს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თანხის რეგულირების პროცესში?
– ვალუტის კურსმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფასების რეგულირების თვალსაზრისით,რადგან ხორბალი შემოდის დოლარის კურსით. მაგალითად თუ შარშან ფოთში 200 დოლარად შემოვიდა ხორბალი და გადავიხადეთ 460 ლარი(დოლარის კურსით2,3) წელს იმავე 200 დოლარად შემოტანილ ხორბალში 540 ლარის გადახდა მოგვიწია(დოლარის კურსით 2,7). როდესაც ეს ხორბალი დავფქვით და გავყიდეთ ფქვილი ლარებში, დაგვიბრუნდა შესაბამისად ლარში, მაგრამ დოლარის კურსი დაგვხვდა მაღალი და უკვე გაძვირებულად მოგვიხდა შესყიდვა. დოლარის კურსის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ მეტის გადახდა მოგვიხდა იმპორტირებულ ხორბალში. შესაბამისად ვალუტის ცვლილება პირდაპირ აისახება ფქვილის ფასზე და ზოგადად ბაზრზე. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხორბლის ფასი დასტაბილურებულია.
რა ღირს ერთი ტომარა ფქვილი და როგორ აისახება მისი ცვლილება პურის ფასზე?
- ფქვილის ფასზე გავლენას ახდენს ორი საკითხი:
- ხორბლის მოსავალი
- ვალუტის კურსი
2015 წელს აგვისტოს თვეში 1 ტომარა (პირვალი ხარისხი) ფქვილის ფასი იყო 45 ლარი, რადგან მოსავალი იყო შედარებით დაბალი.
2016 წელს აგვისტო–სექტემბერში 1 ტომარა ფქვილის ფასი იყო 32 ლარი, რადგან ხორბლის მოსავალი გაიზარდა.
მაგრამ ლარის კურსის ვარდნის გამო 32 ლარიდან 1 ტომარა ფქვილის ფასი გაიზარდა 37 ლარამდე.
დღესდღეობით ფასი მერყეობს 37–40 ლარამდე. კრიტიკული ზღვარი, რომელმაც შესაძლოა პურზე ფასის მატება გამოიწვიოს არის 45 ლარი. ჩემთვის, როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლისთვის, რთული სათქმელია გაიზრდება თუ არა პურის ფასი მიუხედავად იმისა, რომ ფქვილს თავისი კრიტიკული ზღვარისთვის არ მიუღწევია, რადგან, პურის მწარმოებლებს გარდა ფქვილისა ბევრი კომპონენტი აქვთ გასათვალისწინებელი, მაგალითად: ელექტროენერგიისა და გაზის ფასი, გასათვალისწინებელია ზეთისა და საფუარის საფასური, აქციზის ფასი საწვავზე, ტრანსპორტირებისთვის და ა.შ.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამჟამად პურის მწარმოებლებისათვის და იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში პურზე ფასების ზრდა. გთავაზობთ ქართულ ბაზარზე არსებული 3 კომპანიის კომენტარს.
იფქლი:
“პურის ფასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, თუმცა მთლიანად დამოკიდებულნი ვართ დოლარის კურსზე, ვინაიდან ქართული წისქვილკომბინატებისგან ვყიდულობთ იმპორტირებულ ხორბალს.თუ ლარი განაგრძობს დოლართან მიმართებაში გამყარეაბს და ეს მოხდება ახლო მომავალში, მოგვიწევს საფასო პოლიტიკის გადახედვა, თუმცა ამ ეტაპზე პურის ფასის ცვლილება არ იგეგმება არც მატება და არც კლება.”
მარგი:
“პურის ფასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ არსებული საფასური და არ მოხდეს ფასების გაზრდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენც, როგორც სხვა კომპანიები, დამოკიდებულები ვართ ვალუტის კურსზე.”
თემქის საწარმო:
“ჩვენი საწარმოს წილი ბაზარზე საერთო სურათს ვერ ქმნის, რადგან არსებულ კომპანიებთან შედარებით ნაკლები პროცენტულობით ვართ წარმოდგენილი. საკითხს პოზიტიურად ვუყურებ და ვვარაუდობ, რომ მარტის თვისთვის ფქვილის ფასი დაიკლებს, შესაბამისად უკეთესი მდგომარეობა იქნება პურის ფასთან დაკავშირებითაც. დიდმა კომპანიებმა შედარებით ნაკლები კლასიფიკაციის ფქვილისგანაც რომ გამოაცხონ პური, გაეყიდებათ, მე არ გამეყიდება და მომხმარებელსაც დავკარგავ.წისქვილკომბინატები ფქვილის ფასებს ხშირად ცვლიან, მაგრამ მე ვცდილობ ამ ყველაფერს ისე გავუძლო, რომ ხარისხი შევინარჩუნო. პურის ფასის ზრდას არ ვგეგმავ, თუ ბაზარზე ყველა კომპანიამ არ მოამატა საფასური. პური ძალიან ფაქიზი თემაა საზოგადოება არცერთი პროდუქტის გაძვირებას იმდენად მტკივნეულად არ განიცდის, როგორც პურზე ფასების ზრდას.”
ნანუკა მაღლაკელიძე