დასავლეთ საქართველო ციტრუსის უხვი მოსავლით გამოირჩევა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, ქართულ ციტრუსს უჭირს. უხვი მოსავლის და დროის გამო ფერმერები ვერ ახდენენ მის რეალიზებას, ამიტომ მოსავლის დიდი ნაწილი ლპება და ფუჭდება. აჭარაში, ციტრუსების კრეფის სეზონი ერთ თვეს გრძელდება, მოსავალი 70 ათასი ტონაა და გასაღება მეტად ჭირს. სწორედ ამის გამო, ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან ჩამოტანილი ციტრუსების საადრეო და უკიდურესად საგვიანო ჯიშები დარგეს. ამ ჯიშებს ახალი ლაიმის ნერგებიც დაამატეს. „თბილისი თაიმის“ ესაუბრა ჩაქვის ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრის” დირექტორს გოჩა ბერიძეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რითი გამოირჩევა საადრეო ჯიშები და რამდენად მნიშვნელოვანია ციტრუსის ბიზნესისთვის.
რატომ გადაწყვიტეთ საადრეო ჯიშების შემოტანა?
– საადრეო ჯიშების შემოტანის მიზანი ის იყო, რომ აქ ადგილზე წლების განმავლობაში გვაქვს უკვე მობერებული ჯიშები. რომლებიც ნაყოფს იძლევა ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში.საზღვრებს გარეთ გატანაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, შიგა ბაზარზეც ციტრუსის სიჭარბე იქმნება და პროდუქტის მორიგი პარტიის შეტანას აზრი აღარ აქვს. ამასობაში კი ფერმერს მანდარინი ულპება. გარდა ამისა, ფასი საკმაოდ დაბალია, ვიდრე არის საადრეო შემთხვევაში, როდესაც ახალად შემოდის ამიტომ, ჩვენი სტრატეგია არის, რომ მაქსიმალურად ახალ ჯიშებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც კარგი მსხმოიარობით ხასიათდება.
რამდენი წელია, რაც საადრეო ჯიშები მოგყავთ?
– სპეციალისტებმა ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად მანდარინის კრეფის სეზონის გახანგრძლივება მიიჩნიეს – ანუ გვქონოდა ეტაპობრივად საკრეფი ჯიშები და მოსავალიც ეტაპობრივად გაგვეყიდა. სწორედ ამიტომ, ოთხი წლის წინ შემოვიტანეთ მეციტრუსეობის ქვეყნებიდან საუკეთესო, სხვადასხვა საადრეო თუ საგვიანო მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიპფრუტის 50-მდე ჯიში. ამას მოვაყოლეთ ლაიმი, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის. ყველაფერი ეს ჩაქვში 11 ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე დავრგეთ.
რამდენად გაამართლა საადრეო ჯიშებმა და როგორია მოსავალი?
– მიმდინარეობს სამეცნიერო დაკვირვებები, ჩართული არის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. აკვირდებიან და იკვლევენ როგორ შედის ყვავილობაში, მავნებლური დაავადების მიმართ როგორია. აკეთებენ აგროქიმიური და ბიოქიმიური ანალიზებს, ნაყოფის შემთხვევაში ხდება გამოკვლევა იმისა, თუ რა ოდენობით არის მასში შაქარი, წყალი და ა.შ. სრული კვლევები ხორციელდება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსავალი ძალიან კარგია. ციტრუსის მოსავლიანობის შესახებ საბოლოო პასუხი 11-12 წლის ვადაში იქნება, როცა ვლინდება მისი თვისებები სრულად გამოვლინდება. თუმცა, ჩვენს მეურნეობაში მოყვანილი საადრეო ჯიშები უკვე იყიდება ბაზარზე.
როდის იკრიფება საადრე ჯიშის ციტრუსი?
– საადრეოში იგულისხმება ის, რომ სექტემბრის მეორე დეკადიდან, ანუ 20 სექტემბრიდან ხდება სიმწიფეში შესვლა და მზად არის დასაკრეფად. მაგრამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, ის თუ როგორი სეზონი იქნება. თუ ძალიან ცუდი, ნალექიანი და ცივი ამინდები იყო, შესაძლოა დამწიფება ვერ მოასწროს და 10 დღით გვიან დამწიფდეს. შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, თუ კარგი ამინდები იქნება, შესაძლოა სექტემბრის 10-ში ან 15-ში დამწიფდეს.
რითი გამოირჩევა საადრეო ჯიშები?
– ჩვენ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ჯიშების ერთი და იგივე სახეობა გვაქვს ჩამოტანილი და მიუხედავად ამისა, თვისებებით მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ახალი ჯიშები განსხვავხდება გემოთიც, მსხმოიარობითაც და მეწლეობითაც. რაც საინტერესო და მიმზიდველია ქართული ბაზრისთვის.
რას გვეტყვით ლაიმის შესახებ?
– ლაიმი ფორთოხლისა და ლიმონის შეჯვარებით არის გამოყვანილი, ძალიან პოპულარულია ამერიკაში, თუმცა გემოვნებას გააჩნია, ევროპაში, მაგალითად, ლიმონი უფრო მოსწონთ. ჩვენ, უპირველესად, ის გვაინტერესებდა, როგორ და როდის დაისხამდნენ საადრეო ჯიშები. დღეს ისევ ვაგრძელებთ კვლევებს და დაკვირვებებს საადრეო ჯიშის ციტრუსებზე.
მარიამ ლეკიაშვილი