„შესაძლებელია, რომ გარკვეული პირები ძალთა გადანაწილებით იყვნენ დაინტერესებულები. აქ ეკლესიის გარეშე ძალები იგულისხმება და არ გამოირიცხება ქვეყნის გარეთ ძალებიც. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდის სფეროა“. დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე, თეოლოგმა ლევან აბაშიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„თუ მკვლელობა მართლა იგეგმებოდა, თავისთავად დიდი სკანდალია. გვესმის, რომ არის შესაძლო შიდა დაპირისპირებები საპატრიარქოში. თუმცა, ეს ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა, პოლიტიკა მთლად გამოყოფილი არ არის, უნდა თუ არა, მას აქვს დიდი მატერიალური და პოლიტიკური გავლენა.
საბჭოთა პერიოდში ეკლესია დამოკიდებული იყო პოლიტიკაზე, სახელმწიფო საკმაოდ ერეოდა ეკლესიის საქმეში, პატრიარქების დანიშვნა ყოველთვის დაძაბულობას უკავშირდებოდა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში უფრო ცივილიზებულ ფარგლებში ხდებოდა. კირიონის შემდეგ მკვლელობა და მსგავსი ფაქტი არ გვსმენია,“–განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მანანა ღოღობერიძე