სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში , სასჯელაღსრულების უწყების მიერ, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. ინიციატივის მიხედვით, პატიმრები გათავისუფლებამდე, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
„შეიქმნება ახალი დაწესებულება, გათავისუფლებისთვის მომზადების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც მოამზადებს იმ მსჯვარდადებულებს, რომელთა დარჩენილი სარჩელიც 6 თვეს არ აღემატება. სწავლისა და შრომის მიზნით, მათ შეეძლებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დატოვონ დაწესებულება, მოიგვარონ ის პრობლემები რაც პენიტენციურ სისტემაში ხანგრძლივად ყოფნით აქვთ. მსგავსი მომზადება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკსაც აგვარიდებს.
მსჯავრდადებულებს პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი უბრალოდ იღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ეს არის ერთჯერადი ღონისძიება. ნაწილს მიღებულიც აქვს სასწავლო გრანტი, თუმცა შემდეგ ვერ აგრძელებენ სწავლას, ამას ხელს არსებული კანონმდებლობა უშლის. იმ მსჯავრდადებულებს, რომლებსაც საშიშროების დაბალი რისკი აქვთ, ან გათავისუფლებამდე მომზადების დაწესებულებაში არიან, საშუალება ექნებათ,რომ მიიღონ განათლება და მათ მიერ მიღებული დიპლომი იქნება იმავე ხარისხის, რაც სხვა მოქალაქეებს აქვთ,“–განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მანანა ღოღობერიძე