„როდესაც პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა ხდება, შეცდომები გარანტირებულია.საპატრიარქოდან კმაყოფილი წამოვედი, იქ ყოფნისას ვნახე საინტერესო თათბირი, იყო ღია მსჯელობა“. საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე და სახელმწიფო უწყებების განცხადებებზე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ეთერში ისაუბრა.
„თვისობრივად აღრეული იყო ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს. სანამ პროკურორის განცხადება იყო, მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები. როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი, შეიძლება ძალიან გინდა გახდე პროკურორი, მაგრამ შენ არ ხარ პროკურორი და უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს. ასევე როდესაც შენ ხარ პროკურორი, მაგრამ გინდა იყო პოლიტიკოსი, უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურორის ფუნქციებში.
შემდეგ ამ საკითხის განხილვა გადავიდა უკვე აბსოლუტურად შეუზღუდავ ფორმაში. არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია, ამ საქმეებზე განცხადებებს აკეთებს და ეს განცხადებები ბუნებრივია ძაბავს საზოგადოებას. რეალურად ამ საქმეს ჰყავს სულ 2 მოქმედი პერსონაჟი, ბრალდების და დაცვის მხარე. ყველა ჩვენი მოსაზრება და ემოცია ცალკე თემა, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ კვალიფიციური საუბრის შესაძლებლობა მათ გააჩნიათ.ადამიანს რომ ბრალს დებ, არ შეიძლება გააჩუმო. მას უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატოს.
არც ერთი ვერსიის განვითარება არ მინდა, თუ რატომ მოხდა შეცდომები და რის გამო. ეს არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყველა დავუბრუნდეთ საკუთარ როლს, რაშიც გვიხდიან ხელფასს. პროკურორებს ხელფასს უხდიან საქმის გამოძიებაში, პოლიტიკოსებს ხელფასს უხდიან იმაში, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთონ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე