„არანირ კორუფციულ გარიგებასთან საქმე არ გვაქვს. ეს არის სტიქიით დაზარალებული ოჯახის ანაზღაურება. სამართლებრივი კუთხით არანაირი ეჭვი არ არსებობს“. მოსამართლე ნატა ნაზღაიძესთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საკნდალზე და საქმის ხელოვნურად გააქტიურებაზე, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 2016 წლის 23 დეკემბერს მიიღო, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ეს საკითხი არავის გახსენებია, არც არავის გაუპროტესტებია. მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკური სარჩულის გამოდება დასჭირდა. რეალურად ნაზღაიძეზე არ არის საუბარი, დაზარალებული არის ჩოხელი. 2013 წელს როდესაც სტიქიაც არ იყო, თბილისის მერიაში ამ მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტის მომატებაზე მიმდინარეობდა სხდომა. შემდეგ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თბილისის მერიაში შევიდა, წარადგინა ჩოხელმა.
დოკუმენტაციის ნაწილი ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნებს, მიწის ნაკვეთის 90 % მოქცეულია სტიქიის ზონაში. ეს არის ერთადერთი მიწის ნაკვეთი სტიქიის ტერიტორიაზე, რომელზეც იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა, 2015 წელს სტიქიამდე 2 კვირით ადრე, სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული იყო ხელშეკრულება.
სანდროე ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულება არის იაფი, რადგან ის გამოუყენებელია მშენებლობისთვის. აქ მხოლოდ 1200 კვადრატული მეტრია ვარგისი, რადგან მიწის ქვეშ, 5000–იდან 3000 კვადრატული მეტრზე მეტროს ხაზოვანი ნაგებობა გადის,”–განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მანანა ღოღობერიძე