საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრმა საბჭოს გააცნო საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესებში.
სამინისტროს ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისარს გასულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფელებების დაცვის მხრივ არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისათვის, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის დიდი ძალისხმევისა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთით სავალალო მდგომარეობაა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში დაშვებული არ არის არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის, გაერო-ს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
„აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს“, – განაცხადა მინისტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად დღეს არსებული ხელოვნური ბარიერებისა.
„დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ჯანელიძემ.
გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესია ქ. ჟენევაში 27-28 თებერვალს იმართება. მინისტრი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.