„არავის უთქვამს, რომ „რუსთავი 2“ მიკერძოებული არ არის. ამას არც ტელეკომპანია ამტკიცებს. მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მასზე მეორე ძალის გავლენას ხედავს,სასამართლო პროცესებზე ზემოქმედება და საკუთრების საკითხის გადაწყვეტა დაუშვებელია“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მფლობელობის შესახებ სამართლებრივ დავაზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“–ს ხელმძღვანელმა, ქეთევან ხუციშვილმა, „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ეს თემა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში. იყო არა ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა მედიის კონტროლის დაწყებას. ამ ორწლიანი პროცესით ჩანს, რომ მხოლოდ სამართლებრივი დავა არ არის. ეს რომ მხოლოდ კერძო მფლობელებს შორის დავა ყოფილიყო, აქამდეც დასრულდებოდა და გარკვეული ტიპის მოლაპარაკება შედგებოდა. ეს გაცილებით დიდი მნიშვნელობის და პოლიტიკური საკითხია.
ბოლო პერიოდში 3 ტელეკომპანია ერთ მფლობელობაში გაერთიანდა, ეს გვაფიქრებინებს, რომ მათი დაახლოება მოხდა ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ამ პროცესში უფრო მწვავედ დგას „რუსთავი 2“–ის საკითხი. ჩვენ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი მედია. ვერავის ავუკრძალავთ დავას და ყველას აქვს უფლება, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. თუმცა, თავად „რუსთავი 2“–ის მფლობელობის საქმე იმდენად რთული საკითხია, რომ ეჭვი მეპარება თავად მფლობელები იყვნენ კარგად გარკვეულები,“ – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
მანანა ღოღობერიძე