„მთავარი საკვანძო მომენტი არის, თუ როგორ შეძლებს საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების დამტკიცების შემდეგ, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში შესვლას და ახალი მენეჯმენტის გატარებას, ამან შესაძლოა შექმნას ძალადობრივი გარემოც“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის სამართლებრივ და შესაძლო პოლიტიზირებულ ნაწილზე, მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ამ გადაწყვეტილების მოლოდინი 2015 წლიდან იყო. მაშინ როდესაც საქმეზე დავა დაიწყო. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე სერიოზული დარტყმა მიადგა საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს. დემოკრატიას აქვს კონკრეტული მდგენელები და ესენია სწორად შესაფასებელი. სასამართლომ მიიღო არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვერდიქტიც არის პოლიტიზირებული.
სამოტივაციო ნაწილი არ არის მნიშვნელოვანი, სარეზოლუციო ნაწილით მოსამართლეებმა თქვეს, რომ „რუსთავი 2“–ის არც ერთ მოთხოვნაზე არ იმსჯელეს და 100–ივე პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთნეს. ეს წინასწარ გაცხადებული შედეგი იყო. ასეთი გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტებს და ეს პრეცედენტები შემდეგ ქნიან დემოკრატიულ გარემოს. თუ საზოგადოებას შერჩა ერთპოლუსიანი მედია, შესაძლოა ის სწრაფი ტემპით წაიყვანონ ავტორიტარიზმისკენ,“– განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მანანა ღოღობერიძე