თბილისის მერიამ 2017 წლის იანვრიდან C ჰეპატიტის დიაგნოსტირების დაფინანსება შეწყვიტა. 2017 წლამდე თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა 30%-ით, მერია კი– 60%-ით. თანადაფინანსების წესი შეუნარჩუნდათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს.
თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 2015 წლის 13 მაისიდან ჩაერთო. იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები კვლავ უფასოა. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია – 30%-ით აფინანსებს. თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა უწევდათ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია – 60%-ით აფინანსებდა. თუმცა, 2017 წლიდან თბილისის მერიამ C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ანალიზების ხარჯის თანადაფინანსება შეწყვიტა. შესაბამისად, ახლა დიაგნოსტიკისა და მონიტრინგის ხარჯის 70% არის პაციენტის (არა სოციალურად დაუცველის) გადასახდელი.
ამ საკითხზე „თბილისი თაიმსი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ 2017 წლის იანვრიდან C ჰეპატიტის დიაგნოსტირების დაფინანსება შეწყვიტა. რატომ გაუქმდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარდა სხვა მოქალაქეებისთვის თანადაფინანსება? რა არის ამის მიზეზი?
– თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2017 წელს ახორციელებს „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის“ ქვეპროგრამას. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარების ჩართულობას უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თბილისის მერია კი, პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების ღირებულების მხოლოდ თანადაგადახდას ახორციელებს. დაფინანსებაში კორექტირება სწორედ ამით არის გამოწვეული.
დაფინანსების პროგრამის მიზანი იყო, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. რა შეიცვალა და რატომ აღარაა თქვენთვის პრიორიტეტული მკურნალობამდე საჭირო გამოკვლევების დაფინანსება?
– სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული პროგრამა პრიორიტეტულია, თბილისის მერია არა მხოლოდ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელ კვლევებს, არამედ 2017 წლიდან მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს უფინანსებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. აღნიშნული ზღვარი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. რაც შეეხება C ჰეპატიტის სკრინინგს, ყველა მოქალაქისთვის კვლავინდებურად უფასოდ ხორციელდება.
უგრძელდებათ თუ არა დაფინანსება მათ, ვინც დიაგნოსტირების ნაწილი ჩაიტარა დეკემბერში და დანარჩენი გააგრძელა 2017 წლიდან?
– 2017 წლის 1 იანვრამდე ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარები დაფინანსდებიან ქვეპროგრამის 2016 წელს მოქმედი წესის შესაბამისად. კერძოდ, მოსარგებლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდებიან ღირებულებების 30%-ით (დანარჩენ 70%–ს სამინისტრო აფინანსებს), ხოლო ყველა სხვა მოსარგებლე ღირებულების – 60%-ით. 2016 წელს სოციალურად დაუცველ კატეგორიას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებდა 30%–ით, ხოლო თბილისის მერია 70%–ით, ყველა სხვა მოსარგებლეს სამინისტრო აფინანსებდა 30%–ით, ხოლო მერია – 60%–ით.
ნინო მაზიაშვილი