საქართველოში თოჯინების კეთება არც ისე პოპულარული საქმიანობაა, თუმცა ქალბატონი ნანა მჭედლიშვილი უკვე მრავალი წელია სწორედ მათი შექმნითაა დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს, თოჯინების კეთება ხელოვნებაა, მაგარმ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ დარგის შესახებ. ხელოვანის მიერ შექმნილ ყველა თოჯინას საკუთარი სახელი აქვს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. The Tbilisi Times ინტერვიუში გაგაცნობთ მეთოჯინეს, რომელის ნამუშევრებიც არაერთხელ მოხვედრილა საგამოფენო სივრცეში, საინტერესოა როგორ აფასებს თავად ნანა მჭედლიშვილი საზოგადოების დაინტერესებას მისი საქმიანობის მიმართ.

როგორც ვიცი, თოჯინების შექმნა 14–15 წლის ასაკში დაიწყე, თუ შეგიძლია, მიამბოთ, რატომ გადაწყვიტე, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავი, რა იყო პირველი თოპჯინის შექმნის მოტივაცია, რომელ წელს შექმენით ის და როდის გადაწყვიტე, რომ სამომავლოდ გაგეგრძელებინათ ეს საქმიანობა?

– დიახ ხელნაკეთი თოჯინების კეთება 14-15 წლის ასაკში დავიწყე, ეს მოხდა დაუგეგმავად, შემთხვევით ჩამივარდა ხელში საძერწი თიხა და შეიქმნა თოჯინის სახე შემდეგ ტანი,  მას მოჰყვა იდეა, ჩემით შემეკერა ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი  დიდ დროს ითხოვდა და შესაბამისი რაოდენობის მასალა არ მქონდა, მაინც ძალიან გამიტაცა. 1998 წელს სკოლის ორგანიზებით მოეწყო ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა, მას შემდეგ იზრდება ჩემი ინტერესი ამ საქმის მიმართ და ვცდილობ, მასალების მრავალფეროვნებით და სხვადასხვანაირი დამუშავებით,  სტილით და კომპოზიციით შევქმნა სასურველი პერსონაჟი.

თქვენს ოჯახზე რომ მესაუბროთ თუ შეგიძლიათ, გყავთ თუ არა ხელოვნების სფეროში დაკავებული ოჯახის წევრები, რამდენად იქონია გავლენა ოჯახმა თქვენს საქმიანობაზე?

– ოჯახში დედას აქვს ხელსაქმის ნიჭი ის არაჩვეულებრივად ქარგავს კერავს და სხვადასხვა ნივთების გამოგონების ნიჭი აქვს, რამაც  ჩემზე დიდი გავლენა იქონია თუმცა არც მხატვარი და არც მეთოჯინე ჩვენს ოჯახში არ გვყოლია.

რა არის თქვენი შთაგონება შემოქმედებით პროცესში, როგორ იქმნება ნანა მჭედლიშვილის თოჯინები და როგორია სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ თქვენს თოჯინებას ქმნით?

– შთაგონების  წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს თუნდაც ლამაზი ნაჭერი ან ლამაზი ყვავილი, ძვირფასი ქვა ან რომელიმე პერსონაჟი, თუმცა განსაკუთრებით მუსიკა.

თუ შეგიძლია აღწერო საკუთარი თოჯინები, რით გამოირჩევიან ისინი სხვა თოჯინებისგან და ჰყავთ თუ არა რეალური პროტოტიპები ცხოვრებაში?

თოჯინების უმეტესობას ყავს რეალური პროტოტიპი ცხოვრებაში ასევე მაქვს ნამუშევრები რომლებიც  მუსიკის სიყვარულითაა შექმნილი მუსიკოსი თოჯინები სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტით. მუშაობის პროცესს ხშირად ახლავს მუსიკის ფონი, მუსიკა თამაშობს ყველაზე დიდ როლს სამუშაო პროცესში.

როგორც ვიცი, თქვენი თოჯინების უმეტესობას აქვს საკუთარი სახელი, შეგიძლიათ, მითხრათ როგორ ურჩევთ სახელებს მათ და საშუალოდ რა დროის განმავლობაში კეთდება ერთი თოჯინა?

– ყველა თოჯინას ვარქმევ სახელს იმის მიხედვით თუ რომელი პერსონაჟის პროტოტიპია ან კომპოზიციის შესაბამისად. ერთი ხელნაკეთი თოჯინის შემნას ერთს ან ორ თვეს ვანდომებ, იმის მიხედვით თუ რა მასალის, ზომის და  სირთულისაა.

თქვენი ნამუშევარი, რომელსაც არასდროს დათმობთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელია და რატომ?

– ძალიან მიყვარს და  ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბავშობაში  შექმნილი ხალხური ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ხელნაკეთი თოჯინები, მათ  რამდენიმე გამოფენაზე სხვადასხვა პრიზებიც აქვთ მიღებული. ჩემი როგორც ძველი, ასვე, ახალი ნამუშევრები მუდმივად ხვდებიან გამოფენებზე მიმიღია უამრავი რჩევა ამ საქმით დაკავებული ადამინებისგან რომლებსაც ვითვალისწინებ.

როგორც ვიცი, თქვენს თოჯინებს სამოსს თავად უკერავთ, ასევე დაკავებული ხართ ხატწერითაც. დეტალურად რომ მესაუბროთ გარდა თოჯინების კეთებისა, კიდევ რა საქმიანობთ?

– თავდაპირველად ესკიზი იქმნება ან უბრალოდ ამ ყველაფერს გონებაში წარმოვიდგენ და ისე ვქმნი, რაც მოიცავს ძერწვას კერვას ქარგვას და თუ    შესაბამისი დიზაინის ნაჭერი არ მაქვს ვხატავ ბატიკის ტექოლოგიით შემდეგ ვქარგავ და ვამკობ ძვირფასი თვლებით.

პროფესიით მხატვარი ვარ და სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. გარდა ამისა 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ ხატწერით. მიხარია რომ ჩემი დაწერილი ხატები საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ ამშვენებს ეკლესია მონასტრებს. ასევე სხვადასხვა სუვენირებს ვაკეთებ.  

გყავთ თუ არა მოსწავლეები, რომლელსაც თქვენს საქმინობას ასწავლით და გამოცდილებას უზიარებთ?

მსიამოვნებს ხალხის დიდი ინტერესი ხელნაკეთი თოჯინების მიმართ არამარტო გამოფენებზე არამედ ინტერნეტ სივრცეში ან თუნდაც კერძო გაკვეთილებზე დასწრების სურვილით.  სახელოსნოს არ ქონის გამო აქამდე ვერ ვახერხებდი დაინტერესებული ადამიანებისთვის სათანადოდ მიმეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ  უახლოეს მომავალში ვგეგმავ მოსწავლეების მიღებას.

მაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, რაზე ოცნებობს ნანა მჭედლიშვილი და რა იქნებოდა პროფესიული თვალსაზრისით მისთვის მთავარი მიღწევა?

– დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ჩემი პატარა სახელოსნო სალონი სადაც დაინტერესებულ ადამიანებს  შეეძლოთ მუშაობის პროცესს თვალი ადევნონ, რაც სამწუხაროდ  ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი მიღწევა ჩემი  საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება პროგრესი და განვითარებაა.

ძალიან მინდა რომ მეთოჯინეს საქმიანობა გახდეს ცნობადი და ხალხმა გაიცნოს როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი,სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ ცის ამ მიმდინარეობის შესახებ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვისა და გამოხმაურებისთვის.

ნანუკა მაღლაკელიძე

(Visited 604 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*