„ „რუსთავი 2“-ის გაჩერებით სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს.თუნდაც მიკერძოებული აზრი მნიშვნელოვანია.  როდესაც „რუსთავი 2“ გახდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, ეს ფრაზა ჩემთვის მიუღებელი იყო“. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დროს“ ეთერში ისაუბრა.

„ზოგადად მიუღებელია ხალხის დაყოფა განათლებულებად და მტლუებად, პროგრესულებად და რეგრესულებად. 2015 წელს როდესაც აფიქსირებდნენ აგრესიულ პოზიციას „რუსთავი 2“-ის მიმართ, პროცესის მიზანი იყო,რომ ეს ყველაფერი გადასულიყო ქუჩაში. ვანდალური კადრების ჩვენების ფონზე იყო მოწოდება, რომ ყველამ გამოხატოს პოზიცია „რუსთავი 2“-ის მიმართ.

ის, რაც 2007 წელს მოხდა, იყო კატასტროფა. მახსოვს მაშინ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის იყო ტრაგიკული შეცდომა, რომელზეც ის გადაიხდის, მერე ასეც მოხდა. 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მთავარი აქცენტი და პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტერორს ვამთავრებთ, ჩვენ ვამთავრებთ მედიაზე კონტროლს, ვამთავრებთ მოსმენებს და ადამიანების შანტაჟს. ეს იყო ის, რაც გვაერთიანებდა განცხადებების დონეზე და ემოციურადაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდით, რომ მათთვის ადამიანი იყო ის ერთეული, რომელიც თუ არ გეთანხმებოდა, უნდა გაგეჩუმებინა. ძირითადად, ეს გაჩუმება აგრესიული მეთოდებით ხორციელდებოდა. ეს ეხებოდა მედიას, ოპოზიციურ აზრს და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული. მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები