„არსებობს სახლი, რომელშიც შესაძლებლია კედელია შესაღები, რემონტია გასაკეთებელი, მაგრამ არა – ეს დავანგრიოთ და ახალი ავაშენოთ. ვკითხულობ, თუ შენ ახალს აშენებ,ყველა ბინადარს არ უნდა ჰკითხო, თუ როგორს ააშენებ?“. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დროსთან“ ინტერვიუსას ისაუბრა.

„მეორე, თუ შენ ახალს აშენებ, მითხარი რატომ აშენებ და რატომ ანგრევ არსებულს. ეს საზოგადოებას უნდა ჰკითხონ. მოტივაციის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამთ. პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის არის, რომ ადამიანები ისწრაფოდნენ პარტნიორობისკენ.

წარმოგიდგენიათ კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით? ეს არასწორია და სამწუხაროდ, ჩვენთან არა ერთხელ მომხდარა.  არამც თუ ერთ პიროვნებაზე მორგებით, არამედ ერთი პიროვნების მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე. თუ მე კარგ კომენტარს გავაკეთებ ერთი კონსტიტუცია იქნება, ხოლო თუ კომენტარი არასწორი გამოვა, ქვეყანას მეორე კონსტიტუცია ექნება, ესეც ალბათ არასწორია. შესაბამისად შევხედოთ, არა იმას, ვინ რა განცხადება გააკეთა, მარტივად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და მით უფრო, არც ერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე. კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი და მე ვყოფილიყავით საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეები. მე ეს იმისთვის მინდოდა, რომ პროცესი, რაც შეიძლება გახსნილი ყოფილიყო. ამიტომაც მინდოდა, ვყოფილიყავი ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არა ჩემი პოზიციების დასაფიქსირებლად და არა იმისთვის, რომ ჩემი არჩევის უფლება დამეცვა. ჯერ არ გამიკეთებია განცხადება, ვაპირებ თუ არა მომავალში არჩევნებში მონაწილეობას და როცა ასეთი განაცხადება არ გამიკეთებია, რა მორგებასა და რა ინტერესებზეა ლაპარაკი. მე მინდოდა, რომ თუკი ფუნდამენტური გადასინჯვაა, მოდი, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, რაც არ მოხდა,“ –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღბერიძე

 

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები