ქუჩის მხატვრობა ხელოვნების ერთ- ერთ დარგად ითვლება. მხატვრობის ეს სახეობა თავიდან ამერიკაში გახდა პოპულარული. ქუჩის მხატვრებს თავიდან “ქუჩის ხულიგნებს” უწოდებდნენ და ზოგჯერ ახლაც ამ სახელით მოიხსენიებენ, რადგან თვლიან, რომ კედლებს ამახინჯებენ. ხელოვნების ეს დარგი აერთიანებს მრავალ პროფესიონალ და მოხალისე მხატვარს. ხელს უწყობს ახალი მხატვრების აღმოჩენას და ამავდროულად ხელოვნების ნიმუშების დიდ და ფართო ასპექტებში გამოტანას. გრაფიტი, ანუ ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურაა. გრაფიტი ვიღაცისთვის შეიძლება ვანდალიზმი იყოს, ვიღაცისთვის კი – ხელოვნება, რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია. გააჩნია ნიმუშს და მის ესთეტიკურ თუ იდეურ ღირებულებას.მხატვრობის ეს სახეობა, ბოლო დროს, საქართველოშიც პოპულარული გახდა.
რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია Fabrikaffiti „ფაბრიკაში“ გაიხსნება. პირველ რიგში ეს იქნება სივრცე, რომელიც გააერთიენებს ქუჩის მხატვრებს.
ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაჩა ხოფერია „თბილისი თიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სივრცე გაყოფილი იქნება სხვადასხვა აქტივობებისთვის. ნაწილი იქნება სახელოსნო, სადაც არტისტები იმუშავებენ. რაც შეეხება დანარჩენ სივრცეს, იქნება მაღაზია და გალერეა. სადაც მასალასთან ერთდ გაიყიდება მხატვრების ნახატები, ტილოები, პოსტერები, სტიკერები და ა.შ.
“ეს იქნება სივრცე, სადაც ადგილობრივი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები გაიყიდება. გარდა ამისა, იქნება სახელოსნო, სადაც გრაფიტის მიმართულებით სხვადასხვა სახის პროდუქცია შეიქმნება. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ქუჩის მხატვრები გაიცნობენ ერთმანეთს, გაუზიარებენ აზრს და გამოცდილებას ერთმანეთს.მიიღებენ იმ ცოდნასა და ტექნიკას, რომელიც საჭიროა ნამუშევრის შესაქმნელად.“
რაც შეეხება თავად სახელსნოს, შეიქმნება სკოლა, სადაც იქნება ქართველი მხატვრების ჯგუფი, რომლებიც ყოველი ვორქშოპის შემდეგ შეიცვლებიან და ასწავლიან მსურველებს.
“ფაბრიკაფიტის” სივრცეში განთავსებული გრაფიტის სკოლა, რომელიც ერთვიან კურსს ითვალისწინებს, მსურველები გაეცნობიან გრაფიტის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ღირებულება 200 ლარი იქნება. ჩვენსავე სივრცეში სხვადასხვა გამოფენა მოეწყობა. ვცდილობთ, რომ ყველა არტისტი მაქსიმალურად დავაინტერესოთ და გავააქტიუროთ”.
კურსი შედგება გრაფიტის ისტორიის, თეორიის, სტილის შესახებ ცნობების და ასევე პრაქტიკული ნაწილისგან.
პროექტი Fabrikaffiti ხელოვნების ამ მიმართულების მოყვარულებს შესთავაზებს არა მხოლოდ სკოლას, არამედ გრაფიტი-მაღაზიას, გალერეასა და სახელოსნოს.
„წელს ასევე იგეგმება ფესტივალის ჩატარება და უცხოეთიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ცნობილი არტისტების ჩამოყვანა.მოიხატება არა მარტო ფაბრიკის ტერიტორია, არამედ მისი მიმდებარე შენობები და ფასადები. მოწვეული სტუმრები ასევე ვორკშოპებსაც ჩაატარებენ“.
როგორც პროექტის ორგანიზატორი ამბობს, ნებისმიერი ასაკის მსურველებს შეეძლებათ ეწვიონ Fabrikaffiti-ს, დაეუფლონ იმ ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ ხატვის დაწყებაში.
მარიამ ლეკიაშვილი