საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესზე, პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებაზე და ამის შესახებ ხელისუფლების საჯარო განცხადებებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტობრივად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა.
საკონსტიტუციო კომისია შექმნილიც არ იყო და შემდეგ შემქნის დღიდანვე გვესმოდა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა უნდა მომხდარიყო.ევროპული დემოკრატიები საკონსტიტუციო პროცესიდან საზოგადოების გარიყვას არ გულისხმობს. გერმანულ დემოკრატიაში ვინმეს გაუგია რომ საზოგადოება არ არის ჩართული? საზოგადოებას უნდა ვკითხოთ და საზოგადოება უნდა ქმნიდეს კონსტიტუციას, რადგან კონსტიტუცია არის თანხმობის დოკუმენტი სახელმწიფოებრიობაზე, ცხოვრების წესზე.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ჩართულობის განცდა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც იღებს ხელისუფლება. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას უყურებენ არჩევნებიდან არჩევნებამდე. კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ჰქონდეს.
10 მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულია პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია ჩვენი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე