სახელმწიფოს განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა ერთობლ მნიშვნელოვანია.  არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ მათ, ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებთ, კონკრეტული ბიზნეს იდეები აქვთ და სურთ ჩანაფიქრი რეალობად აქციონ, ტექნოპარკს უნდა მიმართონ. უფრო დეტალურად ამ დაწესებულების შესახებ ინტერვიუდან გაიგებთ, „თბილისი თაიმსი“  ტექნოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელ, ქეთი ბუბუტეიშვილს ესაუბრა.

მოგვიყევით ტექნოპარკის შესახებ, როდის შეიქმნა, რას მოიცავს?

– ტექნოპარკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც  ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ტექნოპარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აშენდა, რომელიც 2016 წლის იანვარში გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური სივრცე ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ტექნოპარკი  სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს აერთიანებს და ხელს უწყობს მათ აქ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის  ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი

იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. ტექნოპარკი ინოვატორებისთვის განკუთვნილი ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცეა, ეს არის ცენტრი კოოპერაციისათვის, შემოქმედებისა და განვითარებისათვის! ყველას, ვისაც  აქვს განსხვავებული იდეები,  და  ძლიერი სურვილი ამოძრავებს, შექმნას რაიმე ინოვაციური, აქვს შესაძლებლობა ეწვიოს ტექნოპარკს, დაესწროს საინტერესო და საჭირო ვორქშოფებსა და ტრენინგებს, ისარგებლოს აქ არსებული სერვისებით. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ გაიგონ უფრო მეტი, განავითარონ საკუთარი იდეა და გახდნენ წარმატებული.  ეს არის სივრცე, რომელიც  განსხვავებული იდეების მქონე ნიჭიერ ადამიანებს აერთიანებს.  ტექნოპარკი უზრუნველყოფს: წვდომას სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან; სერვისებს დამწყები Start-up კომპანიების განსავითარებლად; დაკავშირებას პროექტის განსახორციელებლად საჭირო კადრებთან ან ექსპერტებთან; წვდომას მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით; საერთო სამუშაო სივრცეს; საკონფერენციო დარბაზსა და ტრენინგების ოთახს; საერთაშორისო კომპანიების შოურუმს.

დაინტერესება როგორია, ტექნოპარკს ძირითადად რა სეგმენტის წარმომადგენლები სტუმრობენ?

ტექნოლოგიური პარკი დაინტერესებულ ადამიანებს  სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. ტექნოპარკის სერვისებით სარგებლობენ მუდმივად ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ტექნოპარკი პატარაობიდანვე გვინერგავს, რომ ერთი იდეით შესაძლოა სამყარო შეცვალო, ამიტომ სივრცე ბავშვებისთვისაც საინტერესოა, რადგან აქ   ინოვაციური, შემოქმედებითი და სახალისო ვორქშოფები ტარდება, სადაც მოზარდები ელექტრონიკის საწყისებს ეცნობიან, სხვადასხვა დანიშნულების ფერად სათამაშოებსა და რობოტებს ქმნიან.

ძირითდი მოთხოვნა რაზეა, მომხმარებლები ძირითადად რის მიმართ არიან ორიენტირებულნი?

ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს. სააგენტო ტექნოპარკთან ერთად მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოურუმი მუშაობს, სააგენტომ შექმნა მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და სხვა. ყველა მათგანს თავისი სეგმენტი ჰყავს. მაგალითად, ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებში დიდი დაინტერესებაა სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორიის (FabLab)-ის მიმართ. ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები და სივცე მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში უწყობს ხელს. ეს არის ტექნოპარკში არსებული უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას უფასოდ ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები  (FabLab) თანამედროვე საზოგადოებაში წინსვლის პერსპექტივას ბადებს. ამ სივრცეებში  ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება ხდება.  ამ ეტაპზე, ინოვაციების სააგენტოს მიერ, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა გახსნილი, არსებული ფაბლაბები, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით, ზუსტად იმ აპარატურული ციკლითაა აღჭურვილი, რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – MIT-ში.  Fablab-ის ვიზიტორთა ასაკობრივი კატეგორია ძირითადად მოზარდებსა და ახალგაზრდებს მოიცავს, თუმცა ასაკი შეზღუდული არ არის, მთავარია ადამიანს ჰქონდეს იდეა და სურვილი მისი განხორციელების.  აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეები არა მხოლოდ დანადგარებს იყენებენ, ისინი ასევე აქტიურად სარგებლობენ კონსულტანტების  მომსახურებით. ასევე, მოხოვნადია ტექნოპარკში არსებული საერთო სამუშაო სივრცე(co-working), რომელსაც ინოვაციების სააგენტო სტარტაპებს უფასოდ სთავაზობს. საერთო სამუშაო სივრცეში ტექნოპარკის წევრები და დამწყები კომპანიები არიან განთავსებულები და  საუკეთესო გამოსახულების მონიტორებით, მაღალი წარმადობის პრინტერებით, პერსონალური პროფესიონალური კომპიუტერებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით სარგებლობენ.

როგორია თქვენი გეგმები, ამგვარი პროექტის განხორციელება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც თუ იგეგმება?

გასულ წელს ტექნოლოგიური პარკი ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა. ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ადგილობრივი ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. ზუგდიდის ტექნოპარკის სივრცე  მაქსიმალურად კომფორტული და პროდუქტიული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.  ერთ სივრცეში დამწყები ბიზნესმენები თუ ინოვაციური იდეის მქონე ადამიანები უამრავ საჭირო და ხარისხიან მომსახურებას იღებენ, ამისათვის იქ ყველა პირობაა შექმნილი. საკონფერენციო დარბაზი 100-მდე ადამიანზეა გათვლილი, მომხმარებლებს უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებაც აქვთ. ზუგდიდის ტექნოპარკი ინოვატორებს სრულყოფილად სთავაზობს იმ მომსახურებებს, რაც თბილისის ტექნოპარკშია წარმოდგენილი.

ზუგდიდის ტექნოპარკის უმთავრესი მიზანია, რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივთა ინოვაციური იდეის საჭირო რესურსებით მომარაგება და მათივე პროექტებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 

მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. მსგავსი ტექნოლოგიური პარკების გახსნა ინოვაციების სააგენტოს კიდევ არაერთ რეგიონში აქვს დაგეგმილი.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

(Visited 78 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*