საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.

“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. იტალიასთან ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ურთიერთობები. არაერთ შეხვედრაზე გავაკეთეთ დეკლარირება საქართველოს მნიშვნელოვანი როლით ჩვენს რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ასეული იტალიური კომპანია დაესწრო დღეს შეხვედრას და მათი მხრიდან არის ძალიან ძლიერი ინტერესი საქართველოში ინვესტირების. დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი გახდება საფუძველი ახალი მნიშვნელოვანი ფაზის დაწყების. არა მხოლოდ იმედი გვაქვს, არამედ მივიღეთ ამაზე თანხმობა, რომ ჩვენი ურთიერთობა მიიღებს სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.

“კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნამდვილად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ის ვადა, რომელიც არის მოცემული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს და გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილი მიმართვის შესახებ. მისი განმარტებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო დასკვნა.

“ჩვენთვის ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მათი წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არანაირი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით, საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნა, რომ  პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავით, ამავე ჭრილში გაგრძელდება.

“პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ. ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. არანაირი გაზვიადება ამ მოვლენის არ გვამრთებს- ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას. საერთოდ მგონია, რომ ეს საკითხი როგორც თავიდანვე იყო გაზვიადებული, ასევე რჩება დღესაც. მე, მაგალითად, არ მივანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას ამ საკითხს.  ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული საქმე, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო იმ პროცესუალურ ქვედებებს, რაც მას მართებს. სახელმწიფოს ინსტიტუციები მუშაობენ, ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ და ამ მხრივ არანაირი ბზარი არ შეიძლება რომ იყოს,”-განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები