„ინდივიდები იმარჯვებენ სასამართლოში, მაგრამ ამ ადამიანებს არ უწოდებენ სახელმწიფოს მოღალატეებს. ისინი იგებენ სასამართლოში დავას იმიტომ, რომ ისინი დაჩაგრა იმ ქვეყნის ხელისუფლებამ. ირაკლი კობახიძემ ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ საქმე გვაქვს ერთი ადამიანის აკვიატებასთან. ამას ისინი შეგნებულად აკეთებენ“. ევროსასამართლოში „რუსთავი 2“–ის საქმის იურიდიულ ფორმულირებაზე და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ საღი გონებით წაიკითხოს ეს მიმართვები, აღიქვას ეს რეალურად და არა ისე, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი ხელისუფლების გონებით, საღად შეხედოს ამ პროცესს, პრემიერმინისტრისგან გვესმის აბსოლუტურად დროში აცდენილი განცხადება, რომ დავა არის ორ სუბიექტს შორის. ის დარჩა წარსულში და სპიკერის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან მდარე, იაფფასიანი, შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ თურმე  „რუსთავი  2“ ებრძვის საქართველოს, სახელმწიფოს.

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ სპიკერს, უმრავლესობის ლიდერს,რომ გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა. ეს არის მდარე, იაფფასიანი ტყუილი და შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეებს. მათ კარგად იციან რა ჰქვია დავებს,რომლებსაც ევროსასამართლო იხილავს. შეუძლებელია არ იცოდნენ,რომ დავები რომელიც იხილება ევროსასამართლოში, ყველას ასე ეწოდება, მაგალითად „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. ინდივიდები უგებენ იმ სახელმწიფოს რომლის მთავრობამაც მათი უფლებები დაარღვია. ეს არის მიზანმიმართული იმისთვის,რომ გაძლიერდეს ანტიდასავლური განწყობები საქართველოში,“  – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 60 times, 1 visits today)

კომენტარები