„ბოლომდე ვერ ვხვდები რა სურს ამით პრეზიდენტს გააკეთოს. ვერ ვხვდები რა პარალელურ პროცესზე არის საუბარი. მეჩვენება,რომ პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია იქეთ,რომ მოხდეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დაჩრდილვა“. საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე და საყოველთაო განხილვის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ყველა ჩართულია პროცესში და მონაწილეობას არ იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ მდგომარეობაში ის აღმოჩნდა, თავიდანვე მისი არასწორი პოზიციის გამო. ის ცდილობდა ბოიკოტი გამოეცხადებინა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის. როდესაც სხვადასხვა ფორმატების შექმნაზე და დისკუსიების შესაძლებლობაზე საუბრობს, საკონსტიტუციო კომისიაში არის მისი სამი წარმომადგენელი,ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში. კარგი იქნება თუ ისინი მოვლენ კომისიაში და გვექნება არგუმენტების მოსმენის საშუალება.
თარიღი არ არის პრობლემა, მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ საკითხზე მივიდე ადმინისტრაციაში, გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები. არ მგონია,რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი იყოს. მაშინ როდესაც ეს ფორმატი უკვე არსებობს. რას გულისხმობს პრეზიდენტი ვერ ვხვდები. საყოველთაო სახალხო განხილვა მოხდება,როდესაც მივიღებთ ცვლილებების კანონპროექტს, ჩართულობა პროცესს არ აკლია. ის,რომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია გასაგებია, მაგრამ ყველა იურისტი არ არის. საზოგადოება გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი ინფორმაციიდან გამომდინარე. ეს ქმედებები აზიანებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მანანა ღოღობერიძე