„საქართველოს ისტორიას კონსტიტუციის არაერთი კულუარული გადასინჯვა ახსოვს. როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა ესა თუ ის ძალა, რომელსაც ხელთ ეწიფა, რომ გადაესინჯა კონსტიტუცია, ამ საშუალებას ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თავის ინტერესებში მოიხმარდა“. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესზე და საყოველთაო განხილვის აუცილებლობაზე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„დავუშვათ დავპატიჟე 10-ში, როდესაც იყო სესია, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტების შერყევა, ღრმა უპატივცემულობა? ერთადერთი, რაშიც ეს გამოიხატა, არის თურმე ის, რომ თურმე დავპატიჟე 10 რიცხვში, როდესაც იყო სესია. არანიაირი უპატივცემულობა არც იმაში არ არის, რომ დავუშვათ დავპატიჟეთ იმ დღეს, როდესაც სესია იყო. დღესაც ჩემს პრეზენტაციაში იყო პატივისცემა საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, ამ პროცესის მიმართ, დახმარების სურვილი. ამ აგრესიას მე არც ერთ ეტაპზე არც ვპასუხობდი და არც ვუპასუხებ.

რაღაცნაირად ძალიან შევეჩვიეთ ამ საუბარს, ცოტა ზედმეტ სიტყვის გაქცევას, ცოტა ზედმეტად ნერვიულ საუბარს. სამწუხაროდ, ძალიან შთამბეჭდავი  ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების, შეურაცხყოფის, იმ დამოკიდებულების, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ. არასდროს გამქცევია სიტყვა ამ შეურაცხყოფის ფონზე. არასდროს პიროვნულად მათთვის არ გამიხსენებია, ვინ სად იყო, ვინ რას აკეთებდა, მომავალშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას. არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა ცხოვრებაში, ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა და დღესაც ძალიან მშვიდად, დიდი პატივისცემის დაფიქსირებით, ვპასუხობ.

ჩვენ დღეს ერთი მუხლის და ორი მუხლის შეცვლასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე ფუნდამენტურ ცვლილებასთან კონსტიტუციის, რომელიც დაანონსდა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ. დღეს ჩვენ გვაქვს პირველად შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია მართლაც გავხადოთ უნივერსალური დოკუმენტი, რომლის გადასინჯვის პროცესში, ამ გლობალურ გადასინჯვაში მონაწილეობას მიიღებს მთელი ერი.

კომისიაში თანათავჯდომარეობის მოთხოვა განპირობებული იყო შემდეგი რამით – თავმჯდომარეები განაპირობებენ ფორმატს. ფორმატი, რომელიც დღეს არის განპირობებული არის ერთი თავმჯდომარის მიერ. ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ მე რამდენადაც შემეძლებოდა ფორმატის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიმეღო. მე პრინციპულად მიმაჩნდა შემდეგი რამ – კომისია უნდა იყოს უაღრესად გახსნილი საზოგადოების მიმართსავარაუდოდ, იქ მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები და იურისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება უაღრესად დახვეწილი იყოს, მაგრამ იქნება ეს ჩემი, შენი, მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები