ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ქალაქში ამ წუთებში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად, სულ 40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია სამოქალაქო პირების დაჯარიმებით დაიწყო, თუმცა გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მასობრივი აქციის მთავარი გამომწვევი მიზეზი გუშინ მოქალაქეების დაჯარიმება და დაკავება არ იყო და ამ საკითხზე უფრო სიღრმისეული გამოძიებაა ჩასატარებელი.

შს მინისტრის თქმით, შემდეგში პოლიციის თანამშრომლები მსგავს სიტუაციაში ადეკვატურად იმოქმედებენ. გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე მოქალაქეებს მოუწოდებს აქციის გამართვისგან თავი შეიკავონ.

ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემაც გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ მსგავს ძალადობასა და ვანდალიზმს ქალაქში არ დაუშვებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 2 დაშავებული მოქალაქე რჩება, რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაპირისპირებების შედეგად საავადმყოფოში ღამის განმავლობაში დაახლოებით 32 ადამიანი გადაიყვანეს.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები