ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. რა სიახლეებია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე,  ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი,  მაია მიმინოშვილი ესაუბრა.

როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა სიახლეებს სთავაზობთ აბიტურიენტებს? რამ განაპირობა ცვლილებები?

– ეროვნული გამოცდები, როგორც წესი, იწყება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში და ზუსტი თარიღი აპლიკანტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.  აქედან გამომდინარე, საბოლოო რაოდენობა რომ გადაწყდება, შემდეგ ვიწყებთ ადმინისტირებაზე მუშაობას და საბოლოო თარიღსაც მაშინ ვადგენთ. ანუ გამოცდების გრაფიკი და გამოცდის პირველი დღე აპლიკანტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სიახლეებს, მნიშვნელოვანი სიახლე წელს არ შეგვითავაზებია. იმავე ფორმატით ჩატარდება გამოცდები. ერთადერთი სიახლე არის უცხო ენის გამოცდაზე შინაარსობრივ ნაწილში. ტესტი 90 ქულიანი გახდა 100-ის ნაცვლად და მოსმენის ნაწილში ტესტური დავალებები ცოტათი შეიცვალა, თუმცა, ეს ნიმუშები ჩვენს ვებგვერდზეა  განთავსებული და აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ.

რამდენ აბიტურიენტს ელოდებით?

– ეს მარტის ბოლოს გამოჩნდება, იმიტომ რომ რეგისტრაცია  ახლაც მიმდინარეობს. რაოდენობა წლების მიხედვით სხვადასხვაა: შარშან 42 ათასს გადავცდით, ვინც რეგისტრაცია გაიარა და ვნახოთ წელს რამდენი იქნება. 31 მარტს საღამოს 6 საათზე გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა.

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი და კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები დაფინანსდება?

– ფაკულტეტების დაფინანსდება ყოველწლიურად მთავრობის დადგენილებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ოფიციალურად არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, შეიცვლება თუ არა ეს ჩამონათვალი, რაც ადრე იყო დაემატება თუ გამოაკლდება რამე. ყველანი ველოდებით ამ მიმართულებით მთავრობის დადგენილებას. როგორც კი იქნება, მომენტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას აბიტურიენტებს.

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, აბიტურიენტები ორ კონკურსში ღებულობენ მონაწილეობას: ეროვნულ გამოცდებში, რის შედეგადაც ისინი ირიცხებიან კონკრეტულ ფაკულტეტზე და სახელმწიფო გრანტი. სახელმწიფო გრანტი გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგების საფუძველზე. ასე რომ, გააჩნია რა შედეგებს აჩვენებენ აბიტურიენტები.

რა სიახლეებია დაგეგმილი საერთო სამაგისტრო გამოცდაზეროგორ შეძლებენ მაგისტრები სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას?

– საერთო სამაგისტრო გამოცდებზე სიახლე არ არის. ისევ სამი ტიპის გვექნება მიმართულებების მიხედვით. მაგისტრობის მსურველმა უნდა აირჩიოს გამოცდის ტიპი იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას.

აბიტურიენტებისგან განსხვავებით, მაგისტრები სპეციალობის გამოცდას აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში, უმაღლესი სასწავლებელი რიცხავს და ამ ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიან. ამის შემდეგ, ჩარიცხული მაგისტრანტების შედეგების მიხედვით ვანაწილებთ იმ თანხას, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფოსგან. მათი დაფინანსება შემოდგომაზე ხდება, როცა ისინი სპეციალობის გამოცდას გაივლიან და ჩაირიცხებიან კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში.

არის თუ არა  ეროვნული გამოცდები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებზე სათანადოდ მორგებული და როგორ ჩააბარებენ ისინი წელს ეროვნულ გამოცდებს?

– ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპეციფიკურ შემთხვევაში ზუსტად ის პირობები შევუქმნათ აბიტურიენტს, რაც კონკრეტულად სჭირდება. თავიდან დავიწყეთ იმით, რომ უსინათლო აბიტურიენტებისთვის ვამზადებდით ტესტებს ბრაელის შრიფტით. შემდეგ დაემატა სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. აბიტურიენტი თავად ირჩევს რომელი უნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა აბიტურიენტს სხვა ფორმით სჭირდებოდა სპეციფიკური პირობების შექმნა. სხვათაშორის, როდესაც რეგისტრაციას გადიან აბიტურიენტები, იქ ერთ-ერთი გრაფაა, რომელშიც უნდა მიუთითონ, რომ მათ ესაჭიროებათ სპეციფიკური პირობების შექმნა. ამის შემდეგ უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და შემდეგ სპეციალურად შექმნილი კომისია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეისწავლის ამ ფორმებს. ისინი გვაძლევენ რეკომენდაციას რა უნდა გავაკეთოთ აბიტურიენტისთვის კონკრეტულ შემთხვევაში – იქნება ეს შრიფტის გაზრდა, ქაღალდით ტესტის მიწოდება, დროის გაზრდა, სხვა ზომის მაგიდა თუ სკამი… ამ ყველაფერს რეკომენდაციის სახით ვიღებთ კომისიისგან და შემდეგ უკვე ვგეგმავთ როგორი პირობები შევუქმნათ კონკრეტულ აბიტურიენტს.

რადგან რეგისტრაცია არ დასრულებულა, არ ვიცით, წელს როგორი სიტუაცია იქნება. რეგისტრაციის შემდეგ ვიღებთ ამ განაცხადებს და ამის შემდეგ მუშაობს კომისია. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას მოვარგოთ ჩვენი პირობები. აქ სტანდარტული პირობები არ არის, რადგან აბიტურიენტებს სხვადასხვანაირი პირობების შექმნა სჭირდებათ. ჩვენ კი ყველა ასეთ შემთხვევას ვითვალისწინებთ.

ნინო მაზიაშვილი

(Visited 721 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*