მას შემდეგ რაც ვნახეთ საეკლესიო სამოსის წარმოშობის ისტორია და შევიტყვეთ, რომ  სასულიერო პირთა შესამოსელის მრავალგვარობას იერარქიული საფეხური განაპირობებს, მოდით ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რა დატვირთვა აქვს თითოეული ხარისხის მღვდელმსახურის სამოსს.  „თბილისი თაიმსი“ ამჯერად თქვენს ყურადღებას   დიაკვნის შესამოსელზე შეაჩერებს.

„დიაკვანი“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავსმსახურს“. იგი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თავად  მათი აღსრულება არ შეუძლია. ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა დიაკვნის გარეშე აღესრულება, რადგან აუცილებლობას არ წარმოადგენს ღვთისმსახურებაში მისი მონაწილეობა. ზოგიერთი დიაკვანი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი – მთავარდიაკვნად.

დიაკვნის შესამოსელი სამი ნაწილისგან შედგება:

  • სტიქარი,
  • გინგილა,
  • სამაჯურები (იგივე-საბუხარები).

სტიქარი განასახიერებს სულის სიწმიდეს და სიმტკიცეს. იგი გადმოტანილია ძველი აღთქმის კვართის ანუ პოდირის (მღვდელთმთავართა შესამოსელი) მიბაძვით.

,,იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა, და კვართი სიხარულისა შემმოსა მე. და ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი, და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა .“- ამ ლოცვის წარმოთქმის შემდეგ იმოსება დიაკვანი სტიქარით,  ხოლო მანამდე მის შესამოსელს აკურთხებინებს მღვდელს, რომელიც ამბობს: ,,კურთხეულ არს ღმერთი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’

კვართი ანუ სტიქარი მღვდელმსახურების დროს გარდა დიაკვნისა, არის მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელიც. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებად.

იგი სახელოების ქვეშ გაჭრილია იესო ქრისტეს დაჭრილი გვერდის მოსახსენებლად. სამხრეები, რომლებიც სხვა ფერისაა, მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს. ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს  აკერებენ ბაბთებს – ქრისტეს ბორკილებს.

გინგილა არის გრძელი ფართო ზოლი იმავე ქსოვილისაგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკვანი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკვანმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.

იგი არსებობს ორი სახის და  განსხვავდებიან  სიგრძის მიხედვით. მთავარდიაკვნის გინგილა უფრო მეტად გრძელია, ვიდრე ჩვეულებრივ დიაკვნის. აქედან გამომდინარე იგი, გარდა იმისა რომ, წინ და უკანაა ჩამოშვებული დიაგონალური მიმართულებითაც მიდის წელამდე და უკან ბრუნდება მარცხენა მხართან.

,,არდაგი, რითაც ღვთისმსახურებას ასრულებენ დიაკვნები, ცხადყოფს ქრისტეს სიმდაბლეს,  რაც მან ფეხთაბანვის დროს აჩვენა,“- წერს წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელი.

დიაკვნები წირვის მრვლელობისას ,,მამაო ჩვენოს’’ დროს შეიხსნიან გინგილას და გაიკეთებენ ისე , რომ ზურგზე გამოისახოს ,,X’’ ფორმა. რაც შეეხება იპოდიაკვნებს,  მათი გინგილები  მთელი მსახურების დროს  X-ის მაგვარ მდგომარეობაში არიან.

დიაკვანს არ შეუძლია მსახურება ჩაატაროს გინგილის გარეშე. მისი შესამოსი ლოცვა შემდეგნაერია: ,, წმიდაო , წმიდაო , წმიდაო უფალო საბაოთ , სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა , ოსანა მაღალთა შინა.’’

აღსანიშნავია, რომ მთავარდიაკონს აქვს უფლება მსახურებაზე იდგეს სკუფიით (ქუდით). ესაა  წვეტიანი რბილი ქუდი (შავი ან იისფერი ხავერდისა), რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი.

საბუხრეები ანუ სამაჯურები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

ისინი განასახიერებენ ცოდვისთვის ჯვარზე გაკვრას. გარდა ამისა სიმბოლურად გამოხატავენ , ღმერთის ძალას და სიბრძნეს.

მარჯვენა საბუხარის გაკეთებისას იკითხება შემდეგი ლოცვა: ,,მარჯვენე შენი, უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი, და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.‘’  ხოლო მარცხენისას – ,,ხელთა შენთა შემქმნეს მე, და დამბადეს მე, გულისხმა-მიყავ, და ვისწავლნე სიმართლენი შენი.’’

აქვე უნდა ითქვას, რომ სამაჯურები  მხოლოდ XI საუკუნიდან გამოჩნდნენ – ეპისკოპოსთა, XIII საუკუნიდან – მღვდელთა, ხოლო XIV საუკუნიდან დიაკვანთა შესამოსლებში.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სამღვდელო იერარქიის პირველ საფეხურზე მდგომი დიაკვნის სამოსელი  სამნაწილიანია რაც სიმბოლურად იმ დატვირთვას იაზრებს, რომ სასუფევლისკენ მიმავალი კიბის პირველი საფეხური წმიდა სამების აღიარებაა და რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წინსვლა.

 წყარო: seminarieli.wordpress.com, www.orthodoxy.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 142 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*