კომპანია „ზედაზენმა“ რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ახალი ნატურალური წვენი შეიტანა. წვენი “ჩერო” უნიკალური ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადდება, რაც პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას გულისხმობს. როგორც ”თბილისი თაიმსს” კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები.
”მინდა გითხრათ ის რომ, რომ მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია უნიკალურია. ასევე აღსანიშნავია ისიც,რომ მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური წვენი ჩვენს რეგიონში არ არსებობს.”
ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
„ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიას 3-ჯერ მეტი რაოდენობის წარმოება შეუძლია, თავდაპირველად, პირველი ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მილიონი ლიტრის წარმოება მოხდება. თუმცა, გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად გაიზრდება რაოდენობაც.“
პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. წვენების წარმოება საგურამოში, „ზედაზენის” ქარხანაში მოხდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს.
„კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კი „ზედაზენი“ საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.„
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თავდაპირველად ვაშლის, ფორთოხალი მანდარინით, ალუბალი ვაშლით და მულტიხილის ნექტრები გაიყიდება. მომავალში კი დაგეგმილია ფორთოხლის და ვაშლის 100%-იანი წვენის, ალუბლის, ანანასის ნექტრის და სხვა ხილისგან დამზადებული მიქსების წარმოება.
მარიამ ლეკიაშვილი