საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-5 გლობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ პანელზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე  საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის  ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება.
ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*