„სითი ინსტიტური საქართველო“ ორგანიზაციაა, რომელიც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობს.“  2017 წლის 15 აპრილს ისინი წარადგენენ  მიწათსარგებლობის საბოლოო პროექტს, რომლის მიხედვითაც თბილისში არაერთი ფუნდამენტური სახის ცვლილება უნდა განხორციელდეს.  „სითი ინსტიტური საქართველოს“ არქიტექტურის დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ, The Tbilisi Times განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი დედაქალაქისთვის პოლიფუნქციურობის შეძენაა. ინტერვიუდან  ექსკლუზიურად გაიგებთ, რა ელის ელიავას ბაზრობას, რომელი უბნების ცენტრალიზება იგეგმება უახლოეს მომავალში და რის საფუძველზე მოხდება თბილისში გამწვანებული ტერიტორიების ზრდა.

როგორც ცნობილია თბილისის გენგეგმა ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს. თუ შეგიძლიათ მითხრათ დაზუსტებულია თუ არა ადგილი, სადაც ბაზრობა გადავა (თუ არ დაზუსტებულა, რა ალტერნატიული ტერიტორიები მოიაზრება) და როდისთვის იგეგმება აღნიშნული ცვლილების განხორციელება?

– ალტერნატიული ტერიტორიები შერჩეულია, მაგრამ თბილისის მერიასთან ჯერ არ არის შეთანხმებული. ზუსტად ვიცით ის, რომ ელიავას ბაზრობა დედაქალაქის ფარგლებში დარჩება, მაგრამ პერიფერიულ ნაწილში გადაინაცვლებს. რთული მოლაპარაკების პროცესი გველოდება, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული მოვაჭრის უფლება იყოს დაცული და სადაც უნდა გადავიდნენ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი. რაც შეეხება გადასვლის ვადებს, ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. საჭიროა, მოლაპარაკება შედგეს დედაქალაქის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის.

მიმდინარეობს თუ არა სამუშაო შეხვედრები დედაქალაქის მერიასთან და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თქვენ მიერ შეთავაზებული რა ცვლილებები იქნა გათვალისწინებული?

– წელიწად ნახევარია, რაც ჩვენ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე“ ვმუშაობთ და ყოველ სამ თვეში მერიას ვაბარებთ მასალებს, რომ გარკვეული რეგულაციები მიმდინარეობდეს დედაქალაქში. მერიამ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება „K2” კოეფიციენტთან დაკავშირებით როდესაც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და გარკვეულ ზონებში აიკრძალა „K2” კოეფიციენტის გაყიდვა.

„K2” კოეფიციენტი შენობის სიმაღლესა და სიგანეს განსაზღვრავს.

ჩვენ ქალაქს პირველ 3 თვეში შევთავაზეთ, რომ თემქაზე 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულიყო ახალი პარკები. ტერიტორია არის ქალაქის გამგებლობაში და არა გაყიდული. გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიებისთვის 10 ჰექტარის მიმატება, ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ზონების წილი დედაქალაქში საკმაოდ მცირეა.

რა სიახლეებს გვთავაზობს თქვენ მიერ შემოთავაზებული  ახალი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმმა“ და ძირეული სახის რა ცვლილებებს  უნდა ველოდეთ დედაქალაქში?

– ჩვენი მიზანია, ქალაქს ჰქონდეს რამდენიმე ცენტრი მსხვილ საცხოვრებელ უბნებში და ისეთ ადგილებში, რომლიც კარგ სავაჭრო ტერიტორიებად შეიძლება ჩამოყალიბდეს. მაგალითად: ისთ ფოინთის მიმდებარე არეალი და დიდუბე. ჩვენ გვსურს რკინიგზის მონაკვეთის გადატანა და ორი ჩიხური სადგურის შექმნა ნავთლუღსა და დიდუბეში. შესაძლოა, რომ დიდი დიღომი, დიდუბე, ნავთლუღი და გლდანი ცენტრადაც ვაქციოთ. ამ ადგილებში ვგეგმავთ სერვისებისა და სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებას. ჩვენი მაზანია, რომ ქალქში მცხოვრებთ ცენტრალურ უბნებში არ მოუხდეთ გარკვეული სერვისების მისაღებად სიარული და პერიფერიულ ნაწილშიც გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა.

აქვე შემიძლია აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი საცხოვრებელი ბინა შენდება და კიდევ უფრო მეტი აშენდება, რადგან უკვე ბევრ თარგზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა. ჩვენ შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 7–9 მლნ მზე არის დამტკიცებული საცხოვრებლის განაშენიანების რეგულირების გეგმები.

ვგეგმავთ, რომ რკინიგზიდან გათავისუფლებული ტერიტორიის ნახევარი, რომელიც დაახლოებით 40 ჰექტარს შეადგენს,  სრულიად გამწვანებას დაეთმოს. შესაძლებელია დიდი საპარკო ზონის შექმნაც. ახალი პარკი დედაქალაქში ათეულობით თვეა, არ გაშენებულა.

დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომლებიც ფაქტობრივად გაუქმებულია, ვინაიდან აქ არაფერი ხდება, ჩათვალეთ, რომ გასაღებითაა ჩაკეტილი, ასეთი ტერიტორიები დაახლოებით 800 ჰექტარს მოიცავს და მნიშვნელოვანია, ეს ადგილები არ გაცდეს. ისინი შესაძლოა გამწვანებულ ან რეკრეაციუ ზონებად გადაკეთდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას დიდუბეში, ვინაიდა ეკოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სწორედ აქაა ყველაზე მეტი გაჩერებული საწარმო.

არის თუ არა კონკრეტული ვადები დადგენილი, როდის უნდა დაიწყოს თქვენ მიერ შეთავაზებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ამოქმედება?

– ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საბოლოო პროექტი ჩავაბაროთ 2017 წლის 15 აპრილს. ამის შემდეგ იქნება განხილვის ეტაპი. იქნება მსჯელობა და საჯარო შეხვედრები საბოლოოდ კი პროექტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.  ჩაბარებიდან დაახლოებით  2–3 თვე საჭირო იქნება, რომ დოკუმენტი დამტკიცდეს.  როგორც კი მოხდება საბოლოო პროდუქტის საკრებულოს მიერ დამტკიცება, მაშინვე ამოქმედდება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა.“ რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს ის 2030 წელს უნდა დასრულდეს, იქამდე კი ეტაპობრივად გაიწერება რა დროში რა სამუშაოები განხორციელდება.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

(Visited 862 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*