„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენ იმსახურებთ ნატოს წევრობისთვის მოწვევას. ვფიქრობ ევროატლანტიკურ სივრცეში არის შიში გაფართოებასთან დაკავშირებით. გამოწვევებმა შეზღუდა უნარი,რომ ჰორიზონტს იქით გავიხედოთ“. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, გადაცემა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვიყავით ბოლო სამიტზე, ვერ მივიღეთ არგუმენტები რატომ გეთქვათ უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე. უნგრეთი მხარს უჭერს გაფართოების პოლიტიკას ნატოსა და ევროკავშირში, თუმცა ჩვენ ვართ უმცირესობა, უმრავლესობა არ გვეთანხმება. იმედგაცრუებული ვიყავით იმითაც, თუ როგორ გაჭიანურდა უვიზო მიმოსვლის საკითხი. ეს უსამართლო და არაევროპული იყო.

უნგრეთი ყოველთვის უჭერდა მხარს და ახლაც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. იმის მიუხედავად რამხელაა სახელმწიფო და როგორია მისი მშპ, პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

20–21 აპრილს იგეგმება პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში. მასთან ერთად იქნება ბიზნესმენების დაახლოებით 15–კაციანი დელეგაცია. ეს უკავშირდება ბიზნეს ფორუმს. მთავარი საკითხია წყლის მენეჯმენტი. უნგრულ კომპანიებს აქვთ დიდი გამოცდილება, მათ აქვთ მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. ვმუშაობთ,რომ პირველი ერთობლივი პროექტი გაეშვას. მნიშვნელოვანი სფეროა ფარმაცია, დღეისთვის გვაქვს 25 მილიონის წლიური ექსპორტი. უნგრული ტექნოლოგიები შეიძლება იყოს გამოყენებული ასევე სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიაში“ , – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 50 times, 1 visits today)

კომენტარები