საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას  წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების  რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.

სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და  გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს. მათ  აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა.

2016 წელს  გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.  საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო  უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება.

დღესვე,  გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა  ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით,  ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება.

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*