დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ დეკანოზი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” გაგზავნის წერილში წერს.

დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, ეს გამოძიებამა იცის.

“ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა. ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო”,- წერს დეკანოზი.

რაც შეეხება სიტყვებს “დასაბრედია”, “მარილზე გასაშვებია” და მათ შინაარსს, დეკანოზის თქმით, მას არავის მკვლელობა უგულისხმია”.

“მე და ჩემი ნათესავი­ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, “მარიაჟობასაც” დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია. უფალი ბრძანებს, “თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა”, ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი”, – წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

გამოძიების შუალედური შედეგებიდან ირკვევა, რომ მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები