21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან და ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „განსაკუთრებული ჟურნალი“, გამართავს აქციას, სახელწოდებით – „შეზღუდული არაფერია“.

„აქციის ფორმატი ისევე განსაკუთრებული და განსხვავებული იქნება, როგორც „განსაკუთრებული ჟურნალი“. ჩვენ ვეხმიანებით და მეგობრობას, სიყვარულს და უშუალო ურთიერთობებს ვთავაზობთ ყველას, განურჩევლად სინდრომისა თუ სხვადასხვა შეზღუდვისა ან… აქცია ორ ნაწილიანი იქნება, პირველი: თბილისის შემოსასვლელ გზაზე (დიღმის გზაზე), ვახორციელებთ დასუფთავების აქციას, რათა სუფთა დედაქალაქი და ლამაზი გარემო გვქონდეს. მეორე ღონისძიება კი, რომელიც ასევე 21 მარტს კლუბ „ელ ცენტროში“ გაიმართება – „განსაკუთრებული ჟურნალის“ ახალი ნომრის მორიგი პრეზენტაცია გახლავთ. გამოცემის ახალი ნომრის ინტეგრირებული ინტერვიუ „თავისუფალი თეატრის“ მსახიობ, კახა მიქიაშვილთან ჩვენმა კორესპონდენტმა ნინო აბელაშვილმა და მე, ერთობლივად ჩავწერეთ. კახა მიქიაშვილის ინტერვიუ ამ ნომრის წამყვანი თემა და მასალაა, რომელიც, თავისთავად, საინტერესოა. ასევე ბევრ მნიშვნელოვან მასალას იხილავს ჩვენი საზოგადოება, რომელიც ე.წ. შშმ პირებმა მოუმზადეს ერთგულ მკითხველს. „ელ ცენტროში“ საღამოს წარმოდგენილი იქნებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები, მწერლები და სხვა ხელოვანები. რა თქმა უნდა, „განსაკუთრებული ჟურნალის“ თითქმის ყველა თანამშრომელი ჩაერთვება ღონისძიებაში სხვა მოხალისეებთან ერთად.

აქციაში გასაოცარი ენთუზიაზმით ჩაერთო „დენკფარმა საქართველო“ სრული შემადგენლობით, რომელთან ერთადაც მოვახდენთ 21 მარტის ღონისძიებების გამართვას. კერძო სექტორიდან მსგავსი აქტივობა და საზოგადოებისთვის მაგალითის მიცემა მეტად მნიშვნელოვანია შშმ პირებთან ურთიერთობაში, მათ დასაქმებაში, ინტეგრაციასა და შემდგომ განვითარებაში. აქციის ფარგლებში ასევე დავრგავთ ბზის ნერგებს“, – აღნიშნა „განსაკუთრებული ჟურნალის“ დანფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

(Visited 178 times, 1 visits today)

კომენტარები