პირველი მსოფლიო ბედნიერების ინდექსი 2012 წლს აპრილში გამოქვეყნდა გაეროს მხარდაჭერით.

2012 წლიდან დღემდე ბედნიერების ინდექსი ცვლილებებს განიცდის.

მოსახლეობის ბედნიერება მიჩნეულია სოციალური პროგრესისა და პოლიტიკური პროცესების ეფექტურობის საზომად.

2017 წლის მაჩვენებლებით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ნორვეგიაში ცხოვრობენ. ნორვეგია 2016 წელს მე-4 ადგილზე იყო. რეიტინგი დგინდება მშპ-ს რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობითა და ქვეყანაში კორუფციის დონით.

ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ნორვეგიელი ხალხი ენდობა თავის ხელისუფლებას, ცხოვრობს ხანგრძლივად და კმაყოფილია არსებული პირობებით. კრიტერიუმებს შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ნორვეგიაში ადამიანებს ყველაზე მეტად აქვთ არჩევანის თავისუფლება. მნიშვნელოვანია ისიც,რომ ამ ქვეყანაში 30 ათასი ადამიანია ნავთობის ინდუსტრიაში დასაქმებული.

ნორვეგიაში ადამიანების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია, ერთ სულ მცხოვრებზე მშპ 62,025 აშშ დოლარია და ერთ-ერთი დაბალია პოლიტიკური კორუფციის დონით.

განათლება უფასოა ნორვეგიაში და ქვეყნის მოსახლეობის 32% უმაღლეს განათლებას იღებს. გარდა ამისა, წიგნიერების დონით ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს. ბედნიერების ინდექსში ქვეყანა უსწრებს დანიას, ისლანდიას და შვეიცარიას.

საინტერესოა აღინიშნოს ინდექსში ჩინეთის საკითხიც, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გააუმჯობესა მოსახლეობის ცხოვრების პირობები.

Happiness has fallen in America – გვაუწყებს ინდექსი. ამერიკაში ბედნიერების ინდექსის შემცირებას  სხვადასხვანაირად ხსნიან. მთავარ მიზეზად ქვეყანაში კორუფციის მაღალ დონეს და სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას ასახელებენ.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:  ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.

ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში შედიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბურუნდი, ტანზანია, სირია და რუანდა.

ანგარიშში ხაზგასმულია იმ ქვეყნების ხელისუფლების წვლილი, სადაც 2005 წლიდან  2017 წლამდე ბედნიერების ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქვეყნებია: ნიკარაგუა,  ლატვია, სიერა ლეონე, ეკვადორი, მოლდოვა, ბულგარეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

ბედნიერების ინდექსის კლება გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მეტად შეინიშნება : ვენესუელაში, საბერძნეთში, უკრაინაში,იემენში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 155 ქვეყნიდან ბედნიერების ინდექსში 125-ე ადგილს იკავებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი უკეთ გამოიყურება, სომხეთი 121-ე ადგილი, თურქეთი 69-ე ადგილზე, რუსეთი 49-ე,  აზერბაიჯანი 85-ე ადგილი.

ნათია კეკენაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 316 times, 1 visits today)

კომენტარები