რამდენიმე დღის წინ თბილისის უბნების გარემოვაჭრეებისგან დაშლამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანების ნაწილი ეთანხმება ზემოთხსენებულ ქმედებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ გარემოვაჭრეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ, ნაწილი კი იმ მოვაჭრეთა პოზიციას ითვალისწინებს, რომელთაც სავაჭრო ადგილი აღარ აქვთ. ამ ფაქტს, ცხადია, გარემოვაჭრეები აპროტესტებენ. კიდევ ერთი სადავო თემა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, წიგნებით მოვაჭრეების, ბუკინისტების სავაჭრო ადგილების შესაძლო დატოვებას ეხება. იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ელით გარემოვაჭრეებს და ემუქრებათ თუ არა ბუკინისტებს სამუშაო ადგილების დატოვება თბილისი თაიმსი“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

როდის დაიგეგმა ქალაქის უბნების გარემოვაჭრეებისგან დაცლა?

– ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სისტემატიურად ხდებოდა გარემოვაჭრეებთან შეხვედრები, მოლაპარაკებები  და გაფრთხილება  იმის შესახებ, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და უნდა მომხდარიყო მათი შესვლა ბაზრებსა და ვაჭრობისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიებზე. აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ-დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

რა ბედი ეწევათ გარემოვაჭრეებს, რა ადგილებზე იქნებიან დასაქმებულნი და ყოველი მოვაჭრის დასაქმება თუ იქნება შესაძლებელი?

– თბილისის მერიასა და  ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ,  აირჩიონ ადგილი  სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია  შეღავათები – პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან.

სამუშაო ტერიტორიის დატოვება .. ბუკინისტებსაც თუ მოუწევთ? მათ მიმართ რა მოთხოვნებია, რამდენად ექნებათ ბუკინისტებს შესაძლებლობა  განაგრძონ გარევაჭრობა?

– რაც შეეხება ბუკინისტებს, მათ ეკრძალებათ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გარდა სხვა ნებისმიერი საქონლით ვაჭრობა. პირობის დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. დარჩებიან მხოლოდ იქ, სადაც ტრადიციულად იყიდებოდა ბუკინისტური წიგნები (მხოლოდ წიგნები).

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოვაჭრეების მიმართ რა სანქციები იმოქმედებს?

– გარემოვაჭრეების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან 20 ლარის ოდენობით და მოხდება მათი  ქონების კონფისკაცია.

ნინო ზარიძე

 

 

 

(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები