პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კრივში 22 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გვყავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების მედალოსანი სპორტსმენები მიიღო. მინისტრმა მოკრივეებს – ევროპის ჩემპიონ ესკერხან მადიევს (69 კგ) და ვერცხლის პრიზიორ ლაშა გურულს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული წარმატება მიულოცა.

ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა (69 კგ) ფინალური ორთაბრძოლა რუს ვლადისლავ სავოსტიანოვს მოუგო.  ფინალში იბრძოლა 64 კილოში მონაწილე ლაშა გურულმაც, რომელმაც ინგლისელი ლუკ მაკკორმიკის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძლა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ბრიტანელს მიაკუთვნეს. ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა, ფინალამდე ჯერ ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა, შემდეგ მასპინძელთა წარმომადგენელი დაამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისელ ფაილ კარლს სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი პაულ ვოლის მოუგო. ლაშა გურულმა, ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა. მან პირველი დაპირისპირება რუს მეტოქეს მოუგო, რის შემდეგაც ნორვეგიელი, რუმინელი და იტალიელი მოკრივეებიც დაამარცხა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ყველა გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს, მაგრამ ეს წარმატება ისტორიულია, რადგან პირველად გვაქვს ამ ასაკში ოქროს მედალი. გამარჯვებაში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო და მინდა მივულოცო ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, ეს არის ერთობლივი შრომის შედეგი, რაც ძალიან მახარებს. სამინისტრომ, ფედერაციამ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ეს გამარჯვება შემდგომი წარმატებების წინაპირობაა, ჩვენი სწორება ოლიმპიური თამაშებია და ეს ის თაობაა, რომელიც ნამდვილად ასახელებს საქართველოს ოლიმპიადაზე და მსოფლიოს პირველობებზე“.

ესკერხან მადიევი:“ რთული დაპირისპირებები მქონდა, ყველა ორთაბრძოლაში სხვადასხვა ტრავმა მივიღე. პირველ შეხვედრაში მძიმე დარტყმა ცხვირში, მეორე მეტოქემ წარბი გამიტეხა, მესამე შედარებით ნორმალურად ჩავამთავრე, ბოლო მე-5 შეხვედრაში წარბის ტრავმა კიდევ უფრო გამიმიზეზდა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლე და ოქროს მედალი მოვიპოვე, რაც ძალიან მახარებს“.

ლაშა გურული:“
სულ 5 შეხვედრა ჩავატარე, პირველი მეტოქე რუსი იყო, შემდეგ მასპინძელი რუმინელი და რა თქმა უნდა რთული ბრძოლა მქონდა. მთლიანობაში საწყისი სამი შეხვედრა მძიმე გამოვიდა, მაგრამ ფინალამდე მოვახერხე მისვლა, სადაც მძიმე ბრძოლაში, ტრავმით ვიჩხუბე და ვერცხლის მედალს დავეუფლე“.

(Visited 109 times, 1 visits today)

კომენტარები