„საქართველოს პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს“. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ფაქტობრივად სურთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდის ავლით, ისევ სუს–ს დაუქვემდებარონ მოსმენების და ფარული მიყურადების მექანიზმი. შავით თეთრზე წერია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ უნდა ჰქონდეს ეს მექანიზმი. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს სამსახური ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს ან პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში.
არ შეიძელბა დავანგრიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და გვქონდეს სისტემა, სადაც ივანიშვილი და მისი დაცვის უფროსი მოუსმენენ ყველას. პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ გარდა არ მოიძებნება სუბიექტი, რომელიც დადებითად შეაფასებს ამ კანონპროექტს. არაფორმალური მმართველი არის კანონზე, კონსტიტუციაზე და საკონსტიტუციო სასამართლოზე მაღლა.
ჩვენ კოალიციურ რეჟიმში აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ ხელისუფლებამ მოახდინა ამ სისტემის პარალიზებაც და მათ აქვთ იმედი, რომ პლენუმი მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის გარდა არსებობს საშუალება, რომ წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სტრასბურგმა დაადგინოს რადენად შეესაბამება უმრავლესობის კანონპროექტი რეალობას“ , – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანანა ღოღობერიძე