ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის- EMC-ის კვლევაში –„2016 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი“ (emc.org.ge/2017/03/06/emc-232/) აღნიშნულია, რომ გასულ წელს ამ რელიგიური თემის მიმართ მთლიანობაში ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების 23 შემთხვევა დაფიქსირდა (ფიზიკური ძალადობის – 12 შემთხვევა; სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის – 2; ნივთის დაზიანების – 9 ინციდენტი).
EMC-„რაც შეეხება ქონების დაზიანებას, ძირითადად გამოიხატება რელიგიური ლიტერატურისა და ქუჩაში მდგარი სტენდების, სამეფო დარბაზების გარე ფასადების ან შიგნით არსებული ინვენტარის დაზიანებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა და ნივთების დაზიანება ერთდროულად ხდება. რაოდენობრივად იკლო თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევებმა (2 შემთხვევა), თუმცა მსგავსი პრობლემა მაინც არსებობს და ფიქსირდება საცხოვრებელ სახლებში შეჭრის, ქვების სროლის, ფანჯრების ჩამსხვრევის, პირადი ნივთების, მათ შორის ავტომობილის დაზიანებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები.“
როგორც კვლევაში ვკითხულობთ „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ჩადენილი დანაშაული გამოძიების პროცესი „საკმაოდ ჭიანურდება, სახელმწიფო ორგანოების დამოკიდებულება დამნაშავეების მიმართ ლოალურია და შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციაზე არ არის ორიენტირებული.“
„თბილისი თაიმსი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და კველავში აღწერილი შემთხვევებისა, თუ ზოგადად, დღეის მდგოამრეობით არსებული სიტუაციის შეფასება „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელს თამაზ ხუციშვილს სთხოვა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
როგორ შეაფასებდით EMC-ის კვლევას-„2016 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი“?
– ეს თუ სხვა კვლევები ცალსახად აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობის გამოვლენის არაერთ ფაქტს აქვს ადგილი. იეჰოვას მოწმეები არასდროს არ ამართლებდნენ ძალადობის არცერთ ფორმას. მათ, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებთ ზოგიერთი ადამიანის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და ცუდი დამოკიდებულება. თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ,“(იოანეს 15:20 20).
გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია თუ გაზრდილი „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი?
– ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო ასეთი შემთხვევების ზრდა ან კლება. წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება ან კლებულობს. სამწუხაროდ ყოველ წელს ფიქსირდება, სიძულვილის გამოვლენის, ძალადობის ან საკუთრების დაზიანების არაერთი შემთხვევა.
დღეის მდგომარეობით არის თუ არა გამოძიებული რიგი ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ ქონების დაზიანების შემთხვევბი, რომელიც გამოვლენილ იქნა გასულ წლებში?
– უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესი საქმე გამოძიებულია და შესაბამისი პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში, თუმცა არის ისეთი საქმეებიც, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის გამოძიებული და შესაბამისად არც არავინ ყოფილა დასჯილი.
რამდენად ადეკვატურად და სწრაფად ხდება რეაგირება შესაბამისი უწყებების მიერ, თქვენი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე?
– აქაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართალდარღვევებზე უმეტეს შემთხვევაში ხდება ადეკვატური და სწრაფი რეაგირება. თუმცა, გვაქვს საქმეები რომლებზედაც დღემდე არ დამდგარა რაიმე შედეგი, მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა და საჩივრისა.
ზოგიერთ შემთხვევაში, მართალია ხდება გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, მაგრამ ჩადენილ ქმედებასთან შედარებით ბევრად მსუბუქი პასუხისმგებლობის დაკისრებით. მაგალითად, 2016 წელს განხორციელებული ერთ-ერთი დანაშაული ეხებოდა რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებას, რაც გამოვლინდა თავისუფლების მოედანზე ჩვენი სტენდის დაწვით. პოლიციამ ვერ შეძლო დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება რის შედეგადაც, ამ პირმა მეორედაც სცადა იგივეს გაკეთება. მან ბენზინი მიასხა ჩვენს სტენდს, თუმცა ცეცხლის წაკიდების საშუალება იქ მყოფებმა არ მისცეს. ეს პირი პოლიციამ დააკავა, მაგრამ სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შემდგომ, ის კვლავ მივიდა იეჰოვას მოწმეების სტენდთან და კვლავ დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ მან გირაოს შეფარდების შემდეგ გაიმეორა ძალადობრივი ქმედება, სასამართლომ არათუ გაამკაცრა აღკვეთის ღონისძიება, არამედ პირიქით ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ გამოიყენა. საბოლოო სასჯელის სახით კი ამ სამივე ქმედებაზე, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. აღნიშნული საქმე აჩვენებს, რომ ზოგჯერ კი ხდება რეაგირება, მაგრამ სასამართლოს მხრიდან მცირე და არაადეკვატური სასჯელის შეფარდება ხდება, რაც ვერ უზრუნველყოფს რეალურად სასჯელის პრევენციული მიზნის შესრულებას.
სოფიკო ნინიკაშვილი