ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული, მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში – ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე.  მცენარეებისა და მცირე ფორმების არჩევა თქვენი ბაღისთვის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერის მოწყობა და რემონტი. ზუსტად ამიტომ, ლანდშაფტის დიზაინის ტრენდებიც იგივე სიხშირით იცვლება, როგორც ინტერიერისა და მოცულობის.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით, პატარა ბაღებში გამძლე, დაბალი ჯიშის მცენარეების გახარებაა ტრენდული. ჯიშები, რომლებიც დიდხანს ძლებს და გვალვა მათ სიცოცხლეზე გავლენას არ ახდენს, იძლევა საშუალებას დაგეგმილი დიზაინი დიდი ხნით შეინარჩუნოთ და რაც მთავარია მებაღეობა დატვირთული ცხოვრების რეჟიმთან კარგად შეათავსოთ.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ბაღების გამწვანება და დეკორირება საკმაოდ ტენდენციური გახდა. დღეს  ბევრი მათგანი ცდილობს საკუთარი ბაღი თუ ტერასა გაამწვანოს და სასიამოვო დასასვენებელ სივრცედ აქციოს. თუმცა ამ ყველაფერს დამოუკიდებლად, გარკვეული ცოდნის გარეშე ვერ ახერხებენ. დღეს საქართვეოში საკმაოდ აქტუალური გახდა ლადშაფტების დიზაინერის პროფესია. ისინი სწორად არჩევენ თუ რომელი მცენარეებით უნდა გაალამაზოთ თქვენი ბაღი. თუ თქვენ გადაწყვეტთ ბაღის  გაფორმებას, საქართველოში საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომელიც  მარტივად დაგეხმარებათ ამ საქმის მოგვარებაში. ერთ-ერთი მათგანი მებაღე-დეკორატორი ვიქტორ სირბილაძეა, რომელიც უკვე ათი წელია, რაც ამ საქმიანობითაა დაკავებული. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ თუ როგორ დაიწყო მან  ეს ბიზნესი და რამდენად კონკურენტულია ბაღების გამწვანება და გამფორმება  დღეს საქართველოში.

მკითხველს რომ მოუყვეთ, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რამდენად მოთხოვნადია საქართველოში ეს ბიზნესი?

ამ ბიზნესის შექმნა და დაწყება სწორედ ქართველი მომხმარებლის დიდმა აქტიურობამ გამოიწვია. სწორედ მათმა  მოთხოვნებმა განაპირობა, ის რომ მე  დღეს ამ საქმით აქტიურად ვარ დაკავებული. განსაკუთრებით რამდენიმე წელია, რაც მოთხოვნა გაცილებით გაიზარდა ბოლო წლებთან შედარებით. დღეს არ შენდება არც ერთი ობიექტი, სადაც არ არის გამწვანება. ასევე ხშირად მთხოვენ ტერასების, აივნების, კერძო სახლების ბაღების გამწვანებას.

ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ძირითადად კომპანიები გვიკავშირდებიან და გვაძლევენ შეკვეთებს. თუმცა, გარდა კომპანიის შეკვეთებისა საკმაოდ ხშირად გვაქვს კერძო შეკვეთებიც. დღეს ძალიან ბევრს უნდა, საკუთარი ეზო გაამწვანოს, ამ ყველაფერს კი სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ხშირად მოგვმართავენ,  რომ მათი ბაღი გავამწვანოთ და გავალამაზოთ სხვადასხვა ფერადი ყვავილებით და ლამაზი დეკორაციებით. სიმწვანე მათ სახლს განსაკუთრებულ სილამაზესა და მყუდროებას ანიჭბს. ყველამ უნდა იფიქროს, რომ საკუთარ სახლში შექმნას მწვანე  კუთხე.

დიზაინს თავად არჩევთ თუ მომხმარებლის არჩეული დიზაინის მიხედვით აკეთებთ ბაღის დეკორაციებს?

ზოგჯერ სრულიად მენდობა მომხმარებელი და ჩემი გემოვნების მიხედვით ვარჩევ  ბაღის დიზაინს და გამწვანებას. იმის მიხედვით, თუ რა მცენარე იხარებს კონკრეტულ ნიადაგზე. თუმცა  არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს თავად აქვს მოფიქრებული,  როგორ უნდა რომ გამოიყურებოდეს მისი ბაღი. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს. თუმცა  შესაძლოა რჩევის სახით რაღაც ვურჩიოთ. მაგალითად, კონკრეტული მცენარე ვერ იხარებს ამ ნიადაგზე და სხვა ყვავილით ჩავანაცვლოთ.

როგორია ფასები და ხელმისაწვდომია თუ არა ყველასთვის?

ეს უკვე დამკვეთზეა დამკიდებული. რა მოთხოვნა აქვს თავად დამკვეთს. როგორი დეკორაციები სურს, რამდენად ძვირადღირებულ ყვავილებს შეარჩევს. ამიტომ ერთი კონკრეტული ფასის დასახელება საკმაოდ ძნელია, ყველაფერი თავად მომხმარებლის  მოთხოვნაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კონსულტაციას,ის  სრულიად უფასოა. მხოლოდ მუშაობის დაწყების შემდეგ, ყვავილებისა და დეკორაციების ფასს ემატება მომსახურების ფასი.

 

რა არის ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც გასათვალისწინებელია ბაღის გასამწვანებლად?

მთავარი მცენარეების სწორად  შერჩევაა ადგილის მიხედვით. ზოგჯერ მიაქვთ მცენარეები, რომლებიც ვერ ხარობს იმ ნიადაგზე. მცენარეებს და მიწას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. მნიშვნელოვანია იცოდე, სად, როგორ ნიადაგზე რომელი მცენარე უნდა დარგო. მნიშვნელოვანია  ასევე, გავითვალისწინოთ გარემო-პირობები. მზიანი ადგილია თუ ჩრდილიანი, როგორია  ნიადაგი-ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მცენარესთან. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, ჩრდილიან ადგილას რომ დავრგოთ ვარდი, ვერასდროს ვერ გაიხარებს, რადგან მას განსაკუთრებით უყვარს მზე და წყალი. ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ამ მცენარის შესახებ. მზის, წყლის მოყვარულია თუ ჩრდილის. თუ გვინდა, რომ ჩვენი სახლი იყოს ლამაზი და სასიამოვნო,  ამისთვის აუცილებელია მისი ყვავილებითა და სხვადასხვა დეკორაციით გაფორმება და რაც ყველაზე მთავარია მცენარეების სწორად შერჩევა.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 257 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*