ქართული ბაზარი მუდმივად სიახლეებითა და ინოვაციებით რომ გამოირჩევა ამას ერთი შეხედვიდაც დავინახავთ თუ ვესტუმრებით სხვადასხვა მაღაზისა თუ „ფეისბუკ“ გვერდებს. დღეს მომხმარებელს შეუძლია შექმნას ისეთი აქსესუარი, როგორიც თავად უნდათ. ამაში კი მათ ხელნაკეთი ნივთების მრავალი ახალი ბრენდი ეხმარება. ჩვენ მკითხველს რამდენიმე მათგანის შესახებ ვუამბეთ, დღეს კი ორგანული მინის ჩანთებს გაგაცნობთ. ხელნაკეთი მინის ჩანთები „MAY“ ქართულ ბაზარზე გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა და მცირე დროში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებლებში. ბიზნესის წამოწყების იდეა ინტერიერის დიზაინერს ნინი ზექალაშვილს გაუჩნდა. ჩანთების შექმნაში ნინის მაგდა წილოსანი და ნოდო დუნდუა ეხმარებიან. ბრენდის შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”თბილისი თაიმსთან” მინის ჩანთების ერთ-ერთი შემქნმელი მაგდა წილოსანი საუბრობს.
მოგვიყევით თქვენზე, როგორ შეიქმნა მინის ჩანთების ბრენდი „MAY”?
– მინის ჩანთების ავტორი არის ჩვენი დიზაინერი ნინი ზექალაშვილი. ნინი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწორედ იქ ჰქონდა შეხება ორგანულ მინასთან. ძალიან მოეწონა მინაზე მუშაობა და გაუჩნდა იდეა შეექმნა ნივთები ორგანული მინისგან. დავამზადეთ რამდენიმე მოდელი და შევარჩიეთ სახელი, სოციალური გვერდის საშუალებით დავუკავშირდით მომხმარებლებს და სექტემბრიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩანთებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის ვქმნით. განსაკუთრებით პრაქტიკული და ყოველდღიური ელვიანი მოდელებია.
რასთანაა ბრენდის სახელი „MAY” დაკავშირებული?
– სახელი დაკავშირებულია იმასთან რასაც ჰგავს ზოგადად ჩვენი ნამუშევრები. გაზაფხულთან, სითბოსთან, ფერებთან და სილამაზესთან. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელი. ვფიქრობთ, სახელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია,რომელიც თავად ნივთის შესახებბ გიყვებათ.
რა არის ის, რაც თქვენს ბრენდს გამოარჩევს სხვისგან?
– პირველ რიგში ის, რომ ჩვენი ჩანთები ძირითადად ორგანული მინისგან მზადდება. და რაც ყველაზე მთავარი და განმასხვავებელი ფაქტორია, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს თავად აირჩიონ მათთვის სასურველი დიზაინი, ფერები, ფორმები. შექმნან მრგვალი,სამკუთხედი, ოთხკუთხედი ჩანთები მათი გემოვნებისა და ხასიათის შესაბამისად. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და თავს არ მოვახვიოთ მხოლოდ ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინები. ასევე ჩვენ ვამზადებთ აქსესუარებს-სამკაულებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მოდელი მზადდება და ძალიან იშვიათია დიზაინის გამეორება.
როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მისი შეძენა?
– ფასებს რაც შეეხება ჩვენ ფასები შევიმუშავეთ ბაზარზე ჩატარებული კვლევის შედეგად. ჩანთების მინიმალური ფასები იწყება 69 ლარიდან და მაქსიმალური ფასი 129 ლარამდეა. თუმცა, თუ რაიმე განსაკუთრებული შეკვეთ იქნება, რომელიც კიდევ დამატებით დეტალებს საჭიროებს, შესაძლოა ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს მომხმარებელზეა უკვე დამოკიდებული.
რამდენად დიდი კონკურენცია და რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი ბრენდი?
– კონკურენცია საკმოად მაღალია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. ვინაიდან ჩვენ მომხმარებელს გარდა ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელებისა ვუტოვებთ არჩევანის თავისუფლებას, თავად შეგვიკვეთონ, თუ როგორი ჩანთის დამზადება სურთ.
სად შეიძება „MAY-ს“ შეძენა?
– ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი გვერდიდან არის შესაძლებელი შეკვეთების მიღება და ჩანთის შეძენა. მაისში იგეგმება პატარა მაღაზიის გახსნა თბილისის ტერიტორიაზე და გარდა ამისა, მოლაპარაკებას ვაწარნოებთ საქართველოს გარეთ ბაზრებზეც.
როგორია სამომავლო გეგმები?
– როგორც უკვე ვახსენე, ვგეგმავთ საკუთარი მაღაზიის შექმნას უახლოეს მომავალში. ასევე ვგეგმავთ და მოლაპარაკებებს ვაწაროებთ სხვადასხვა ქვეყანასთან, იმისთვის რომ ჩვენი ჩანთები გავიდეს ექსპორტზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ ხის მასალაზე მუშაობს და ვგეგმავთ ხისგან დავამზადოთ „May-ს“ ჩანთები. თუ შორეულ პერსპექტივასაც გადავხედავთ ძალიან გვინდა დავიწყოთ სხვა აქსესუარების შექმნაც.
მარიამ ლეკიაშვილი