გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ. აქამდე,  ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყო საჭირო.

„პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვება  დირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცეს მსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომ ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობის უფლება  ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არ იქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

ამასთან, მინისტრის თქმით,  განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა.

ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება.

 

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები