გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (Vinum) სტენდზე, რომელსაც გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი (Rudolf Knoll) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც რუდოლფ კნოლმა განაცხადა, დეგუსტაციის მიმართ იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ მას გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი სტუმარი დაესწრო.

“გამოფენის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია ვინუმის სტენდზე.  სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც, ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი – ვუსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას“ – აღნიშნა რუდოლფ კნოლმა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ქართული სტენდი ასეთი წარმომადგელობითი არასდროს ყოფილა.

„ეს გამოფენა არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ქართველი მეღვინეებისთვის. ეს არის მსოფლიოს  ნომერი ერთი გამოფენა მეღვინეობის დარგში. ქართულ სტენდზე სულ წარმოდგენილია 23 ქართული კომპანია, ამდენი კომპანია არასდროს გვყოლია პროვაინზე.   ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს, ამიტომ ვფოქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება ქართული სტენდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ქვევრის ღვინის მიმართ“ – აღნიშნა თინა კეზელმა.

ProWein 2017-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. წარმოდგენილი იყო 23 კომპანიის ღვინოები: „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“,  „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეგობრების მარანი“, „ქართული ღვინის სახლი“, Georgian Hospitality Investment, „ჯიველი“, „საქართველოს ღვინის და სპირტის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქიმერიონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი კომპანი“, „შუმი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“.

გამოფენის ფარგლებში კომპანია „ბესინის“ ღვინოს “Besini Premium”, წითელი მშრალი, 2013 გადაეცა საერთაშორისო კონკურს „მუნდუს ვინი“-ს ოქროს პრიზი და ჯილდო “Best of show Georgia”.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო ოცდასამმა კომპანიამ წარადგინა.

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები