თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.
”სასამართლომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ სარჩელში, ეხებოდა იმას, რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება. ეს აღიარა და ეს დაადგინა სასამართლომ. შრომითი ხელშეკრულების დარღვევა მოხდა და გადაწყვეტილება იყო უკანონო, რაც სასამართლომ დაადასტურა. არ მოხდება ჩემი აღდგენა, თუმცა მე მივიღებ კომპენსაციას”, – განაცხადა მიშველაძემ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.