XX-ე საუკუნეში ქართველი სამღვდელოებისა და  ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურების მიერ დაწყებული ბრძოლა ისტორიული გამარჯვებით დასრულდა-ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის გავლენისგან განთავისუფლდა,  დაიბრუნა ღირსეული ადგილი მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში, 106-წლიანი პაუზის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონი (საძაგლიშვილი).

რას ნიშნავს „ავტოკეფალია“ და რა ისტორიულ ფაქტს  უკავშირდება 25 მარტის დღესასწაული?  როგორ აღიდგინა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია? 

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II სიტყვას, რომლითაც „2006 წელს საქართველოს ეკლესიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე“ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ დიდ დღეს. მინდა, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენი ერისათვის. ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოს ეკლესია ეს არის პატრიარქი, მღვდელმთავრები და სამღვდელოება. ეს არის მთელი ერი, ეს არის ის ძალა, რომელიც ამთლიანებდა, ადუღაბებდა და დღესაც ამთლიანებს ქართველ ერს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწიერ ეკლესიას უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, არის კიდევ ზეციური ეკლესია, რომელსაც უკვე ამ ქვეყნიდან წასულები ქმნიან და მას მოზეიმე ეკლესიას უწოდებენ. ჩვენ ყოველგვარი ბრძოლა უნდა ავიტანოთ და უნდა გავიმარჯვოთ, უნდა მტკიცედ ვიდგეთ და გვესმოდეს ეკლესიის მნიშვნელობა, ეკლესიის ძალა. ჩვენ არ გვჭირდება მაღალი საერო თანამდებობები, საერთოდ არაფერი, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ერის კეთილდღეობა და მისი მთლიანობა.

რა არის ავტოკეფალია? ეს სიტყვა ბერძნულია და შედგება ორი სიტყვისაგან – ავტოსდაკეფალოს“, „ავტოსნიშნავსთვითონ, „კეფალოს“ – თავი, ანუ თვითონ თავის თავი, თვითმმართველი. ჩვენ ვამბობთ და ცნობილია, რომ საქართველომ ავტოკეფალია ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, თითქმის არ არსებობს პირდაპირი საბუთი. იყო ასეთი დიდი მეცნიერი და კანონისტი – ბალსამონი, X საუკუნეში. იგი შემდეგ ანტიოქიის პატრიარქიც გახდა. როდესაც ბალსამონი განმარტავს მსოფლიო კრებების დადგენილებებს, წერს (ეს არის ერთადერთი ძველი საბუთი და მასშიც ყველაფერი გარკვევით არ არის ნათქვამი):- ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, დამოუკიდელობა ნეტარი პეტრეს დროს მიიღოო. სიტყვებშინეტარი პეტრეს დროს“, იგულისმება ანტიოქიის პატრიარქი. მაგრამ რომელ პეტრზეა საუბარი? პეტრე ანტიოქიის პატრიარქებს ერქვათ მე-5 საუკუნეშიც და მე-11 საუკუნეშიც. თუ მეათე საუკუნეში იყო ბალსამონი, არ იტყოდა, რომ „ამბობენ“, რადგან დროის მიხედვით, ბალსამონისა და პატრიარქ პეტრეს მოღვაწობის ეპოქები ერთმანეთთან ახლოა, თან ერთი მეორეს უსწრებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიგულისხმოთ მეხუთე საუკუნის ანტიოქიის პატრიარქი პეტრე (საოცარია, რომ ამ დროს, ჩვენს პირველი კათალიკოსსაც პეტრე ჰქვია, მეორე გახლდათ სამუელ კათალიკოსი და ორივენი, საქართველოს ეკლესიის მიერ, წმიდანებადაა შერაცხული). ასე რომ, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღო.

მსოფლიო პატრიარქის როლი ძალიან ძლიერი და დიდი გახლდათ მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი. როდესაც მე-5 საუკუნეში მთავარეპისკოპოს მიქაელსა და მეფე ვახტანგ გორგასალს შორის მოხდა კონფლიქტი, ვახტანგ გორგასალმა დახმარებისთვის მიმართა არა ანტიოქიის პატრიარქს, არამედ მსოფლიო პატრიარქს და იმდროინდელი მთავარეპისკოპოსი მიქაელი საქართველოდან გაიწვიეს (იგი მოსანანიებლად გაიგზავნა ე.წ. დაუძინებელთა მონასტერში, სადაც დღე და ღამე ლოცულობდნენ), ამის შემდეგ გამორჩეული იქნა კათოლიკოსი პეტერე, ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი კულტურის აღორძინება.

როდესაც ჩვენს დროს დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, მსოფლიო პატრიარქი ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ, არსებობს ბალსამონის ცნობა, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკფალურია, მეორე მხრივ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის და ვინ უბოძა დამოუკიდებლობა ამა თუ იმ ეკლესიას. მათი აზრით, ავტოკეფალია ეკლესიას ან მსოფლიო კრებამ უნდა მიანიჭოს ან მსოფლიო პატრიარქმა, ხოლო ამგვარი საბუთი ჩვენ არ გაგვაჩნდა. აი, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა იყო ასეული წლების განმავლობაში.

1964 წელს, როცა მე ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი გახლდით, 31 წლისა, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე გაიმართა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრება, სადაც მეც ვიმყოფებოდი. საქართველოს ეკლესიას კრებაზე ადგილი ავტონომიურ ეკლესიათა შორის ჰქონდა მიჩნეული. იქ შევხვდი მსოფლიო პატრიარქის დელეგაციას, რომელსაც ცნობილი პიროვნება, მიტროპოლიტი მელიტონი მეთაურობდა (იგი საქართველოშიც ბრძანდებოდა, ჩემი კურთხევის შემდეგ). ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მკვეთრი და მკაცრი კამათი. მე ვუთხარი, რომ საქართველოს ეკლესია, ავტონომიური არასოდეს ყოფილა და რომ ჩვენ შევდიოდით ანტიოქიის საპატრიარქოში და არა მსოფლიო საპატრიარქოში. მათ ეს ასე მიაჩნდათ და ასევე იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდრებშიც. სხვათაშორის, იქ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბრიუსელის მთავარეპისკოპოსმა ვასილი კრივოშეინმა, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ, იგი ცხოვრობდა ათონის მთაზე, ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული ენა. წარმოშობით პეტერბურგიდან გახლდათ და ამ კამათის დროს აქტიურად ეჭირა ჩვენი მხარე, იცავდა ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ რუსი იყო.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქ ეფრემ II მოვახსენე, რომ აუცილებლია საპროტესტო წერილი გაგვეგზავნა მსოფლიო პატრიარქისთვის, რომელიც საქართველოს ეკლესიას მიიჩნევს, როგორც ავტონომიურს. ეს წერილი დაიწერა, გაიგზავნა და აი, აქედან, ფაქტიურად როდოსიდან დაიწყო ჩვენი დავა და კამათი კანონიერი სტატუსის აღდგენის თაობაზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ როცა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე დაიწყო მსჯელობა, მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე ბრძანდებოდა ძალიან ცნობილი ადამიანი, პატრიარქი დიმიტრიოსი. თავად მისი არჩევაც სასწაულებრივი გახლდათ, როცა მსოფლიო პატრიარქს ირჩევდნენ, მიტროპოლიტების სიაში უკანასკნელი იყო და სწორედ ის იქნა გამორჩეული. იგი ძალიან თავმდაბალი და სულიერი ადამიანი იყო და ასეთი თავმდაბლური სიტყვებით მიმართა მიტროპოლიტებს და საეკლესიო პირებს, როცა აირჩიეს: – მე როგორც კანდიდატთა სიაში ვიყავი სულ ბოლო, ასე დავრჩები და მუდამ თქვენი მსახური ვიქნებიო.

მინდა ვთქვა, რომ არაერთი მოგზაურობა, დელეგაციების გაცვლა მოხდა ჩვენსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის. ჩვენი დელეგაცია, ჩემი მონაწილეობით, არაერთხელ იყო ჩასული კონსტანტინეპოლში, იქედანეც იმყოფებოდნენ დელეგატები. ერთერთი ვიზიტის დროს თავად პატრიარქი დიმიტრიოსიც ჩამობრძანდა. როცა ნახა საქართველო, ჩვენი ეკლესია, ის სულიერი ძალა, რომელიც სუფევს ჩვენს ქვეყანაში, მან პირდაპირ უთხრა თავის მიტროპოლიტებს, რომ აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყვიტოთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ამის შემდეგ კვლავ გვეწვია ძალიან დიდი დელეგაცია კონსტანტინეპოლიდან, მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი მეცნიერები, მათ შორის ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ბაბილინა ლომინაძე, ზაზა ალექსიძე, ნოდარ ლომოური, როინ მეტრეველი და სხვები.

ჩვენ მოვამზადეთ სათანადო დოკუმენტები, რაც კი მოგვეპოვებოდა, დაწყებული მელქისედეკ პირველიდან. ცნობილია მელქისედეკ კათოლიკოსის სიგელი, როცა შეწირულობას აკეთებს სვეტიცხოველში და ხელს აწერს, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შემდეგი საბუთი გახლავთ XIV საუკუნისა, როცა პატრიარქი ნიკოლოზი ასეთ საბუთს ადგენს – „მე, ნიკოლოზმან, მეექვსე პატრიარქმან“, მეექვსში აქ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ეკლესიას ეჭირა მეექვსე ადგილირომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიების შემდეგ. არსებობს ასევე რომის პაპების წერილები, სადაც პირდაპირ წერენ – „მის უწმიდესობას, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქსდა ა.შ. ეს ბოლო ცნობა მსოფლიო საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რომის პაპს, პატრიარქებს შორის პირველი ადგილი ეკავა, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ანუ მსოფლიო პატრიარქზე წინ იდგა.

შეთანხმების დოკუმენტების მომზადების პროცესში ყოველ დეტალს ვაქცევდით ყურადღებას. მაგალითად, მირონის კურთხევა ავტოკეფალური ეკლესიის ერთერთი თვისებაა. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგატებმა გვითხრეს, აღმოსავლეთის ეკლესიებს – ალექსანდრიას, ანტიოქიას, იერუსალიმს, ყველას მსოფლიო საპატრიარქოდან მიაქვს ნაკურთხი მირონი, თქვენც ასე უნდა მოიქცეთო. მე ვუთხარი, ამის შესახებ საეკლესიო კრებები გაიმართა, იყო მთელი დავა, რომ საქართველოს ეკლესიას მირონის მოხარშვისა და მირონის კურთხევის უფლება მოეპოვებინა. თუმცა ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ. ბოლოს შევთანხმდით და დოკუმენტი ასე შევადგინეთ – მირონის შესახებ მიღებულ იქნას ტრადიციების მიხედვით. აი, ასეთი გაურკვეველი წინადადება დავწერეთ. ტრადიციების მიხედვით, იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ტრადიცია.

ბოლოს, როცა მსოფლიო პატრიარქს უნდა ეცნო ჩვენი ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება, საკამათო გახდა ერთი სიტყვა, აღარც კი მახსოვს რა, რომელზეც, ისე მიდიოდნენ მოსკოვში, რომ ვერ შევთანხმდით. გამოდიოდა, რომ ყველაფერი წყალში იყრებოდა. კომისიის წევრები თვითმფრინავის ტრაპის წინ იდგნენ, როცა დაურეკეს კონსტანტინოპოლიდან და თანხმობა მისცეს. აი, იქ, აეროპორტში, გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მივაღწიეთ შეთანხმებას და ყველაფერი კეთილად დამთავრდა.

1990 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის სტატუსის მინიჭებისათვის, ჩვენ მიგვიწვიეს კონსტანტინეპოლში... სიგელებს ხელს აწერს მსოფლიო პატრიარქი და მთელი სინოდი, და ეს ხდებოდა დიდი მოწიწებით და სასოებით. ჩვენ გვაქვს ორი სიგელიერთი აღიარება ავტოკეფალიისა და მეორე კათალიკოსპატრიარქის წოდებისა. აქ იყო კიდევ ერთი პირობა, ჩაეწერათ კათალიკოსპატრიარქი იბეერიისა, მე ვუთხარი, რომ არა, იბერიისა არა, უნდა ჩაიწეროს სრულიად საქართველოსი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ თარიღს. ვიმეორებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას. მინდა იცოდეთ, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომელნიც ებრძვიან ეკლესიას და ამით ებრძვიან ქართველ ერს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ეკლესიის გახლეჩასქართველი ერი ამას არასოდეს დაუშვებს. ქართველ ერს ესმის, რა არის მისთვის საქართველოს ეკლესია. ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი,“-ილია მეორე.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

(Visited 128 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*