გადაწყვეტილი მქონდა 25-მდე არაფერს დავწერ-მეთქი, მაგრამ ისე მომინდა მეწერა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი.

ახლა სახლში მარტია. თბილისური მარტი კი არა, ნამდვილი მარტი, იებით, ყოჩივარდებით და ატმის ვარდისფერი ყვავილებით. ამწვანებული ფეიხოას ბუჩქებით და სასიამოვნო სურნელით, სახლს რომ უდის მხოლოდ. შენს საკუთარ სახლს.

იქ ხუთი წლიდან ვცხოვრობ. ხუთი წლიდან ვეძახი ორსართულიან, წითელი აგურით მოპირკეთებულ შენობას ჩემს სახლს. ამ პატარა გოგოს იმ დიდ სახლთან იმდენი მოგონება მაკავშირებს, მთელი ცხოვრება არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელად. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან თუ რამე ვიცი ამქვეყნად ისაა, რომ ადგილი სადაც გავიზარდე ყველაფერზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

ჩემი სახლის გაზაფხული ახლა იღვიძებს. ზუსტად ვიცი, ახლა იქ როგორი ამინდი დგას და ამ დროის დამახასიათებელი სურნელიც მახსოვს. თბილისში ამას ვერ გაიგებ, არც არასდროს მიცდია ამის გაგება. იქაური გაზაფხული ჩემთვის მერცხლების მოფრენით და ბუდის შენებით იწყება, შემდეგ ახლადდამდნარი თოვლიდან ამოწვერებული ყოჩივარდებით, ჭიშკართან მდგარი იასმანების პატარ-პატარა კვირტებით და დამწვარი ხეების სუნით, რომელიც მთელი მარტის მანძილზე ტრიალებს სოფელში.

პატარა ბილიკი, რომელზეც გავლას ახლა ვნატრობ, ოდნავ სველი იქნება წვიმების შედეგად. უზარმაზარი ეზოს ბალახი ხასხასა მწვანე. დიდი იმედი მაქვს, რომ მაგნოლიას საუკუნოვანი სიცოცხლე “პატარა მაგნოლიების” სახით კვლავ აღმოცენდა და აღდგომას სოფელში ჩასულს პირველად მათი შემჩნევა მომიწევს. ჰაერიც კი გაზაფხულური იქნება. აი, ისეთი რომ უნდა იგრძნო და ვერ დაინახო.

სენტიმენტალური გოგო რომ არ ვარ, ეს ყველას მოეხსენება, მაგრამ ახლა მე სახლში მინდა. ამას რომ დედაჩემი წაიკითხავს ჯერ იტირებს, მერე მომწერს და მერე მე ვეცდები ტირილს (როგორც ყოველთვის, არც ამჯერად გამომივა).

ეს სოფელში გაზრდილი გოგოს სენტიმენტები კი არაა, მანოს მოგონებებია. სახლში ჩემი გავლენები, წარმატებები და ჯიპიეი არ მოქმედებს. იქ არავის სჭირდება მაშა ან გვარა. მათთვის მე მანო ვარ. უბრალოდ მანო, რომელიც თორმეტი თვიდან მხოლოდ ერთს თუ ატარებს სახლში. მომავალი წლიდან კი ალბათ იმ ერთსაც ვერა.

ახლა იქ სძინავთ. დედა, მამა და დიტო არიან სახლში. კიდევ ჩარლი და ბინგო. სადმე ახლომახლო ის “თხა, ჭაკი, ჯუა” ფისოც იქნება, ჩემს გამოჩენაზე რომ იმალება. შეღამებულზე ტყეებიდან ტურების კივილი გაისმის, ხანდახან მგლების ყმუილიც ერთვის და ასეთი “მუსიკის” ფონზე გიწევს დაძინება. თუ გაგიმართლა, შეიძლება ჭოტის, ბუს, გუგულის, კოდალას ხმებიც შემოგესმას და მაშინ მიხვდები, რომ სახლში ხარ, არც თუ ისე შორს ცივილიზაციიდან.

სახლის წინა ფანჯრებიდან ეგრისის მთები, კავკასიონი, ღრუბლები და მზე მოჩანს. ყოველ დილით, რვა საათისთვის ისმის ჭიშკრის ხმა, რაც იმის ნიშანია, რომ მამა წავიდა. ცხრისთვის დედა და დიტო მიდიან. სახლი მარტო რჩება. მარტო რჩებიან ჩარლი და ბინგოც.

წლებია მარტო ვართ. ოდესღაც სავსე სახლი ახლა მარტო დგას და ელოდება სტუმრებს. გადაჰყურებს გზას და ზაფხულის დადგომას ჩვენზე მეტად მიელტვის. ყოველ ზაფხულს სიყვარულით ივსება და იღვიძებს. სახლად ყოფნა რომ უხარია, ეგ ამბავია.

ზოგჯერ მგონია, რომ განსაკუთრებულია და ასეცაა. ზაფხულობით მოყოლილი ისტორიების წერას რომ დავიწყებ, ამაში თქვენც დარწმუნდებით. ალბათ ყველასთვის ასეა, მშობლიური განსაკუთრებულია, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ისეთი, ეს ბლოგი რომ არ ეყოფა. ოდესმე, როცა მექნება საკმარისი ძალა, მე სახლზე დავწერ. მანამდე კი მხოლოდ ჩემი სახლი იქნება. უბრალოდ სახლი.

მარიამ გვარამია

(Visited 108 times, 1 visits today)

კომენტარები