ყველა მონოთეისტურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლოცვას, როგორც ადამიანისა და ღმერთის დამაკავშირებელ აქტს. თუმცა გარდა ლოცვისა, ღვთისმსახურების სხვადასხვა ფორმა არსებობს, რაც მუსლიმისთვის მოწყალების გაცემასა და წმინდა მიწის, მექის, მოლოცვაში გამოიხატება.
„თბილისი თაიმსი“ ლოცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განათლებისა და ფეთვის განყოფილების ხელმძღვანელს რეზო მიქელაძეს ესაუბრა. მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს ზექათი, შესაძლებელია თუ არა ხუთგზის ლოცვების გაერთიანება, მოციქულთა მიმართ ლოცვა შუამდგომლობის სათხოვნელად და სხვა.
რას გულისხმობს ღვთისმსახურება?
– ღვთისმსახურებად ითვლება მორწმუნე ადამიანის მიერ შესრულებული ყოველგვარი ქმედება, რომელიც ღმერთის კმაყოფილების მოსაპოვებლად სრულდება. ღვთისმსახურება შეიძლება შესრულდეს სხეულით, ქონებით, ან ორივეთი ერთად. ლოცვის აღსრულება და მარხვა სხეულით შესრულებული ღვთისმსახურების მაგალითებია, ხოლო ზექათი (მდიდარი მუსლიმის მიერ გაცემული სავალდებულო მოწყალება) ქონებით შესრულებულ ღვთისმსახურებას წარმოადგენს. ჰაჯობა, ანუ მექაში მომლოცველად წასვლა და წმინდა ადგილების მოლოცვა ითვლება როგორც სხეულით, ისე ქონებით შესრულებულ ღვთისმსახურებად. ყველა მათგანის შესრულების დრო, რაოდენობა და ფორმები ყურანში და წმ. შუამავლის სუნეთშია (სუნა) გადმოცემული. ყურანში ნახსენები ყველა სახის ღვთისმსახურება შუამავლის (ს.ა.ს. – ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს მასზე) მიერ მრავალგზისაა განმარტებული, როგორც სიტყვიერად, ისე ქცევით. აქედან გამომდინარე, მუსლიმ წინამძღოლებს ან მრევლს ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების ან ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვთ.
რა დანიშნულება აქვს ზექათს?
– ყურანი გვამცნობს: “აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!” (სურა თევბე, 9/103). აქ იგულისხმება სავალდებულო მოწყალება ანუ ზექათი, რომელიც არაბულად განწმენდას ნიშნავს. როგორც რელიგიური ტერმინი და საქველმოქმედო ინსტიტუტი, მდიდარი მუსლიმის მიერ, მისთვის ღვთისგან ნაბოძები ქონებიდან, ღარიბების საწილო 2,5%-ის გაცემას გულისხმობს, რისი მეშვეობითაც ფენებს შორის წონასწორობის აღდგენასა და ურთიერთსიყვარულს ემსახურება.
რას ნიშნავს ლოცვა და რა იკითხება?
– ლოცვა ღვთისმსახურების ფორმაა, რომელიც კონკრეტული სიტყვებისა და მოქმედებებისგან შედგება. არაბულად “სელა” ლოცვას, ვედრებას, ქება-დიდებას ნიშნავს. სელა, როგორც რელიგიური ტერმინი, იწყება თექბირით, ღმერთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმით „ალლაჰუ ექბერ“ და სრულდება სელამით ანუ „ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს ყველა თქვენგანზე“. ლოცვის დროს იკითხება აიათები ყურანიდან და ასევე ვედრებები ჰადისებიდან ანუ შუამავალის (ს.ა.ს.) წარმოთქმული სიტყვები. ყველა ლოცვა შეიცავს აიათებს ანუ ღვთის სიტყვებს და ჰადისებს ანუ შუამავალის სიტყვებს. როგორც შუამავალი ლოცულობდა ღვთიური ბრძანების თანახმად, ისე სრულდება ლოცვები.
როგორ ლოცულობდნენ მოციქულები?
– იბრაჰიმი (აბრამი) ასე მიმართავს ღმერთს: “ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!” – იბრაჰიმი 14 /40.
იბრაჰიმის შემდეგ მუსას (მოსე) მიმართავს ღმერთი: „უეჭველად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. მაშ, მხოლოდ მე მეცი თაყვანი და ლოცვად დადექი ჩემი გახსენებისათვის!“ – ტაჰა 20/14.
წმ. შუამავლი იესო კი სასწაულებრივად ალაპარაკდა ჯერ კიდევ ჩვილობაში აკვანში და თქვა, რომ ის ნამდვილად იყო მორჩილი ღვთისა, რომელმაც უბოძა მას წმინდა წიგნი და მიანიჭა შუამავლობა კაცთა შორის. აგრეთვე დაევალა მას ლოცვის აღსრულება და ზექათის გაცემა – მარიამი 19/29-31.
რამდენჯერ ლოცულობს მორწმუნე მუსლიმი დღეში და როდის?
– ისლამის თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში 5 დროის ლოცვა არის დადგენილი: გარიჟრაჟის, შუადღის, სამხრობის, საღამოს ჟამს და ღამით. ამ ლოცვების ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია, ყველა თავისი რიტუალით ანუ ლოცვის წინ აღსრულებული მცირე განბანვის ჩათვლით. შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო დიდხანს, რაც მლოცველის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ყურანის უფრო გრძელი თავები ან აიათები იკითხოს, მაგრამ როცა კოლექტიური ლოცვა სრულდება მაშინ უმჯობესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან მლოცველთა შორის შესაძლოა იყოს ავადმყოფი, მოხუცი ან თუნდაც მგზავრი. ხუთი დროის ლოცვების გარდა, არსებობს ორი სადღესასწაულო (ერთთვიანი მარხვის დასრულებისა და მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) და ერთი საკვირაო ლოცვა, რომელიც პარასკევ დღეს სრულდება და აუცილებელია, კოლექტიურად მეჩეთში შესრულდეს.
რა განსხვავებაა მეჩეთში შესრულებულ ლოცვებსა და შინ წასაკითხს შორის?
– ხუთი დროის ლოცვები სრულდება მეჩეთში და ასევე შესაძლებელია შესრულდეს სახლშიც, თუმცა უკეთესია მეჩეთში შესრულება, რათა უფრო მეტი მადლი დაიმსახუროს.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ლოცვას აზრი არ აქვს, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთმა ისედაც იცის, რა გვჭირდება. რას უპასუხებდით მათ ლოცვის საჭიროებასთან დაკავშირებით?
– სავალდებულო ღვთისმსახურებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვაა. განკითხვის დღეს ადამიანს რწმენის (იმანი) შემდეგ ლოცვის შესახებ მოუწევს განკითხვა. ლოცვა ყველაზე მთავარი გამოხატულებაა რწმენისა, რომლის მეშვეობით საზოგადოება ადამიანს მორწმუნედ მიიჩნევს. ლოცვა გულის სიღრმიდან წამოსული სულიერების ნაწილი, შინაგანი სამყაროს სილაღე, სულის საკვები, მორწმუნის ზეამაღლება და გამჩენსა და ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის საშუალებაა.
როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ლოცვა სხეულებრივი ღვთისმსახურების ფორმაა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ადამიანს მორწმუნედ მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად გარეგნულად აღსრულებული წესებისა, საზოგადოებისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, გულით ლოცულობს თუ არა ადამიანი.
– ისლამი სამ კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს: 1. მორწმუნე 2. ფარისეველი 3. ურწმუნო. „გულთა სიმუხთლე“ ანუ ის, თუ რას მალავენ ადამიანთა გულები, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენ ადამიანებს მხოლოდ მათი გარეგანი ქცევის შესაბამისად შევაფასებთ, განსჯა კი ძლევამოსილი ღმერთის საქმეა.
თუ არის დასაშვები ლოცვების გაერთიანება, მაგალითად, სამჯერ ლოცვა, მაგრამ სავალდებულო ლოცვების გამოტოვების გარეშე?
– ქართველი მუსლიმების მიერ აღიარებული მიმდინარეობის (ჰანიფის სკოლის) თანახმად, ლოცვების გაერთიანება მხოლოდ პილიგრიმობის დროს მექაში არის ნებადართული კონკრეტულად დადგენილ ტერიტორიებზე (არაფატის მთაზე, სადაც მუჰამედმა გარდაცვალებამდე იქადაგა და მუზდელიფესთან, სადაც ჰაჯის დროს ქვებს აგროვებენ ქალაქ მინაში ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად).
ქალებს და ბავშვებს თუ მოეთხოვებათ ლოცვების კითხვა? თუ არის რაიმე განსხვავება ქალებისა და მამაკაცების მიერ შესრულებულ ლოცვას შორის?
– ისლამის თანახმად, ყველა გონიერი ადამიანი ვალდებულია აღასრულოს ლოცვა, განურჩევლად სქესისა და მათ მიერ წაკითხულ ლოცვებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ბავშვებს 7 წლის ასაკიდან ვაჩვევთ ლოცვების აღსრულებას, თუმცა ლოცვის ვალდებულება ზრდასრულობის ასაკიდან შედის ძალაში.
მისაღებია, თუ არა რომელიმე მოციქულის ან წინასწარმეტყველის მიმართ ლოცვა, რომ მან მლოცველს ალაჰთან უშუამდგომლოს?
– ისლამი მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც აშკარად გვამცნობს, რომ ლოცვა-ვედრება მხოლოდ და მხოლოდ დიადი ღმერთის წინაშე უნდა აღსრულდეს. თუმცაღა, მუჰამმედი, როგორც სამყაროს ბოლო შემგონებელი, იმიერ სამყოფელში მორწმუნეთ ღვთის წინაშე შუამდგომლობას გაუწევს. ყურანი მორწმუნეებს ავალდებულებს მუჰამმედისთვის (ს.ა.ს.) ვედრების აღვლენას, რომელსაც კონკრეტული ფორმა გააჩნია. ისლამის თანახმად, შუამავალის (მოციქულის) მიმართ ლოცვა მიუღებელია, თუმცა მისთვის ღმერთის წინაშე ლოცვა–ვედრების აღვლენა აუცილებელია. დიადი ღმერთი ყურანში გვამცნობს: „უთხარი: თუ არ იქნება თქვენი ლოცვა-ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი?“ ადამიანის სამყაროში მოვლენის არსი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეცნობასა და ღვთისადმი თაყვანისცემაში მდგომარეობს. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი! ამინ!
მარიამ ქალებაშვილი