შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება და ჩვენ, ყველანი ოპტიმისტურად ვუყურებთ ორგანიზაციის მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და ორგანიზაციის პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ფორუმის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ ორგანიზაციას სჭირდება ახალი იმპულსი, საჭიროა დარგობრივი სფეროების, კერძო სექტორის, მთავრობების უფრო აქტიური მიდგომა, რათა მოხდეს იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც სუამ-სა და ჩვენს ქვეყნებს გააჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ისინი თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება და ჩვენ, ყველანი ოპტიმისტურად ვუყურებთ ორგანიზაციის მომავალს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანს, მთავრობების მეთაურების შეხვედრისა და კიევში სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ორგანიზების დროული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სუამ-ის წევრიქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ ჩვენი საერთო გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სუამ-ის რეგიონში გადაუჭრელ კონფლიქტებთან, გვავალდებულებს განვამტკიცოთ ჩვენი თანამოქმედება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერასა და შესაბამის გამოხმაურებას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე, კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო მიზნიდან გამომდინარე – გახდეს სუამ-ი უფრო ძლიერი, ხოლო მისი ქვეყნები – უფრო განვითარებული და წარმატებული.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*