ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, შედგება Doctrina Business Review-ს (DBR) კვლევის პრეზენტაცია თემაზე – „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში და საქართველო“.
პრეზენტაციის შემდგომ დარგის ექსპერტებთან ერთად განიხილება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ მომზადებული კვლევის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2013–2014“ შედეგები და საქართველოს მდგომარეობა დასახელებულ რეიტინგში.
როგორც DBR -ში აცახადებენ, ღონისძიების მიზანია:
- წარმოაჩინოს საქართველოს კონკურენტუნარიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
- შესთავაზოს საზოგადოებას ვითარების კრიტიკული ანალიზი.
- წარმოადგინოს რეკომენდაციები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ წარმოდგენილია „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, რომელიც მსოფლოს 148 სახელმწიფოს რეიტინგს მოიცავს. საქართველო რეიტინგში 148 ქვეყნიდან 72 ადგილზე გავიდა, აღსანიშნავია, რომ იგი გასულ წელს 77–ე პოზიციაზე იყო, თუმცა კვლევა 144 ქვეყანას მოიცავდა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მრავალ პარამეტრს და ინდიკატორს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა რეიტინგების წარმოების საშუალებას იძლევა.
რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგები დაუფიქსირდა შემდეგი მიმართულებით:
- საკუთრების უფლების დაცვა –120–ე ადგილი
- ინტელექტუალური საკუთერების დაცვა–124 –ე ადგილი
- უმცირესობაში მყოფი აქციონერების ინტერესების დაცვა – 125 –ე ადგილი
- კვლევითი და სატრეინინგო მომსახურებების ხელმისაწვდომლობა – 130 ადგილი
- ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა – 123 ადგილი
- ანტი–მონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა – 138 ადგილი
გარდა ზემოთჩამოთვლილი მაჩვენებლებისა საქართველოს კიდევ ბევრ ინდიკატორში აღენიშნება მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რაც საბოლოო ჯამში უაღრესად კრიტიკული და საგულისხმო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, აღნიშნავენ DBR-ში.
ცნობისთვის, Doctrina Business Review (DBR) – წარმოადგენს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „DOCTRINA”-ს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, რომელიც ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.
09.09.13