მართლმადიდებლურ ეკლესიაში მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია, რომელსაც ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვისა და რელიგიური წესების შესრულება. მოდით ვნახოთ რა დეტალებისაგან შედგება ამ იერარქიის სასულიერო  პირის  შესამოსელი  და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ დეტალს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მღვდელს შეუძლია აღასრულოს ყველა საეკლესიო საიდუმლო, გარდა მღვდლობის საიდუმლოსი, ანუ მას არ შეუძლია დიაკვნად, მღვდლად ან ეპისკოპოსად აკურთხოს ვინმე და მირონის კურთხევა აღასრულოს.

დეკანოზი და პროტოპრესვიტერი სამღვდელო ხარისხით მღვდლები არიან. თუ მღვდელი იმავდროულად მონაზონიცაა, ის შეიძლება იყოს მღვდელმონაზონი, იღუმენი ან არქიმანდრიტი. მღვდელს და დიაკვანს შეიძლება ჰყავდეთ მეუღლე, მაგრამ სასულიერო ხარისხში ქორწინების უფლება არ აქვთ.

მღვდლის შესამოსელი ხუთი ნაწილისაგან შედგება, რაც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს ოთხ მხარეს, რომელთაც ჰყავს ერთი განმგებელი- ქრისტე. შესამოსელი შემდეგი დეტალებისგან შედგება:

  • კვართი;
  • ოლარი;
  • სარტყელი;
  • სამაჯურები;
  • ფილონი;
  • ჯვარი;
  • საგვერდული;
  • საბუხრეები;
  • ენქერი

კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს.  კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

ოლარი , ბერძნულად იგივეა რაც ეპიტრაქილიონი.  იგი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია.

,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.’’- ამ ლოცვას უკითხავს მღვდელს დიაკონი ოლარის შემოსვისას. მის გარეშე მღვდელს მსახურების ჩატარების უფლება არ აქვს.

ოლარს თითოეულ მხარეს აქვს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი, რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს , რომელსაც აღასრულებს მღვდელი- ნათლსღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება ,ზეთისკურთხევა, ჯვრისწერა.

,,ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს.მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას , ” -წერს წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი.

სარტყელი  სიმბოლური გამოხატულებაა, სამღვდელო ხარისხის უბიწოებისა.  კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას.

შემოსვისას იკითხება შემდეგი ლოცვა: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი, და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.’’

იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

ენქერი (ლახვარი) – წარმოადგენს რომბის ფორმის მატერიას, რომელიც ბოლოვდება ორმაგი თასმით. თუკი სასულიერო პირი დეკანოზია, მას შეუძლია რომ გაიკეთოს ენქერი.

მისით შემოსვისას, იკითხება შემდეგი ლოცვა: ,,შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა , ძლიერო , შუენიერებითა შენითა, და სიკეთითა შენითა, და გარდააცუ და წარემართე, და სუფევდი, ჭეშმარიტებისათვის, და სიმშვიდისა, და სიმართლისა, და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’

გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს აგრეთვე, წმიდა პრაქტიკული დანიშნულება და სასულიერო პირმა, შესაძლებელია გამოიყენოს იგი, დაჩოქვისას, მუხლების დასადებად.

,,სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).’’– წერს წმ.გერმანე.

ფილონს  სიმბოლურად აღნიშნავს სამოსელს , რომელიც იესოს ეცვა ჯვარცმის დროს. მღვდელი მას  სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს  ლოცვის წარმოთქმის შემდეგ: ,,მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’

ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.

ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით ფრთების მსგავსად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს, ხოლო შესრულებული მოქმედება უჩვენებს ღვთისმსახურების ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს. ფელონის გარეშე მღვდელი შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებას ასრულებს, მაგალითად: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი, როცა სახარება არ იკითხება,  ხოლო საზეიმო მსახურების დროს მღვდელი აუცილებლად ფილონით იმოსება.

ფილონის ზემოდან მღვდელს მკერზე ჰკიდია ჯვარი. მღვდელი ასევე ატარებს საბუხრეებს, რასაც იგივე დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, როგორიც დიაკვნის შემთხვევაში.

ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს.

ასევე, ჯილდოს სახით ეძლევა მღვდელს კუნკულ- ბარტყულის ტარების უფლება. ესაა  შავი ან იისფერი, ზედა ნაწილში გაფართოებული ცილინდრის ფორმის თავსაბურავი.

იისფერი კუნკულბარტყულით აჯილდოვებენ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს. შავ კუნკულბარტყულს ატარებს მორჩილი და იგი ასევე წარმოადგენს იეროდიაკონისა და არქიდიაკონის თავსაბურავს.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, მღვდელმსახურებს შეუძლიათ ატარონ კუნკული ღვთიმსახურების შესრულების გარკვეულ პერიოდში. სიმბოლურად, კუნკულბარტყული გამოხატავს უფლის ეკლიან გვირგვინსა და სხეულის მოკვდინებას.

წყარო: orthodoxy.ge; seminarieli.wordpress.com

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 228 times, 1 visits today)

კომენტარები