„კრიტიკის დრო არ არის, ახლა ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს, რომ მიზანს მივაღწიეთ. ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შეიძლებოდა თუ არა, რომ უფრო ადრე მომხდარიყო“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ეთერში ისაუბრა.
„პარტია არ დამიტოვებია, თუმცა, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული არ ვარ. ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ მთავარ თემად მიმაჩნია. ეს დაძაბული და ინტენსიური მუშაობის შედეგია. რაც უნდა დიდი ყოფილიყო პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილი, ეს გეგმა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა სწორად შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები 2013 წლის თებერვლიდან. ეს ბევრი უწყების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გეგმა ბევრი პუნქტისგან, ტექნიკური და პოლიტიკური დეტალებისგან შედგებოდა.
დასაწყისში იმის მოლოდინი, რომ ახალი მთავრობა ყველაფერს სწორად გააკეთებდა, დიდი არ იყო. დაგვჭირდა ძალისხმევა, რომ დაგვერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ ვაპირებდით დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. პირველ პერიოდს ახასიათებდა ერთმანეთის გაცნობის ნიშნები, მათთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, გუნდის შესახებ ცუდი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული.
ნუ ვიდავებთ ვისი წვლილი რამდენია, ყევლას აქვს წვლილი და უნდა ვიამაყოთ ამით. ამ კონკრეტულ გზაზე თუ რაიმე გადაცდომები იყო, დროულად შენიშნა სამოქალაქო საზოგადოებამ და პროცესი ლოგიკურ და სწორ დასასრულამდე მიიყვანა“ , – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მანანა ღოღობერიძე