„2014 წელს ანალიზზე, გათვლებზე დაყრდნობით, გამოყვეს 7 თვითმმართველი ქალაქი. დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ“. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონების განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, ლიზა სოფრომაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ,რომ მიდის მსჯელობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შესახებ, ასევე დასახელდა ადმინისტრაციული ხარჯები. კატეგორიულად ხელისუფლებაში არავის განუცხადებია, რომ ამ ქალაქების გაუქმებაზე ლაპარაკი არ მიდის. ჩვენი განცხადების მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ 2013 წელს დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, მათ აიღეს ვალდებულება თვითმმართველობის განვითარების.
საქართველოსთვის ურბანული განვითარება უმნიშვნელოვანესია. პირიქით, ველოდით რომ დამატებით ახალი თვითმმართველი ქალაქები გვექნებოდა. ამან სოფლების განვითარებასაც შეუწყო ხელი. ეს არასერიოზულიც კი არის მათი მხრიდან, რადგან 3 წლის წინ დაბეჯითებით გვეუბნებოდნენ,რომ ხელისუფლება მზად იყო ქალაქების განვითარებისთვის ხელი შეეწყო” , – განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.
მანანა ღოღობერიძე