საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის რესპუბლიკას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესტუმრება. დელეგაციის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთ-ერთი პირველები გადავლენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დელეგაციის აღნიშნული წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში.

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები