თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია.

,,გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია. შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება რეაგირება – თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, აღკვეთს თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის, ან შეჩერების საფუძველი.

ამასთან, შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ”, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ.

”მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნათელი ხდება, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს. ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევასა და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის თბილისის ქუჩებში განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეები აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილებულები იყვნენ წინასწარ.

”ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულები იყვნენ და გაფრთხილებები ხორციელდება წინასწარ, როდესაც იგეგმება სხვადასხვა ტერიტორიებზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

გაზიარება